ლუკეში ანტონ იოსების ძე (8. V. 1870, ბროდი, ახლანდ. ჩეხეთი, – 29. IV. 1952, იქვე), ჩეხი სპორტსმენი (ტანვარჯიში), მწვრთნელი. ჩეხეთის „სოკოლის“ რეკომენდაციით საქართველოში ჩამოვიდა და დაინიშნა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილ. ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (1896). მან შემდგომ წლებში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ სპორტს. მისი ინიციატივით (1906) თბილისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „კომეტა“; 1909 ლ-ის თაოსნობით ჩამოყალიბდა „შევარდენის“ წინამორბედი სპორტული საზ-ბა „სოკოლი“, რ-ის წევრების დევიზი იყო: „ფიქრში – სამშობლო, გულში – სიმარდე და მკლავში – ძალა“. აწყობდა სახალხო სპორტულ სანახაობებს და შეჯიბრებებს ტანვარჯიშში. სხვადასხვა დროს ტანვარჯიშს ასწავლიდა მიხეილის სამხ. სასწავლებელში, ალექსანდრეს სამასწავლებლო ინ-ტში, 1908-იდან კითხულობდა ლექციას თავისსავე დაარსებულ „კავკასიის სამოსწავლო ოლქის ტანვარჯიშობის ყოველწლიურ პედაგოგიურ სამზადისში“, შეადგინა და გამოსცა ხუთი სახელმძღვანელო. 1912 პრაღაში ქართველმა სპორტსმენებმა (გ. ეგნატაშვილი, ი. ლორთქიფანიძე, გ. და თ. ნიკოლაძეები, ა. ბაქრაძე, გ. ბერელაშვილი, ი. ბერიძე და სხვ.) დაბალ თანრიგში გუნდური გამარჯვება მოიპოვეს. 1918 აირჩიეს თბილისის „შევარდენის” საპატიო წევრად. 1919 დაბრუნდა სამშობლოში.
თხზ:. Гимнастический бокс: Руководство для ведения общих упражнений в сокольск. о-вах, в учеб. заведениях и в войсках. Тб., 1914.
ლიტ.: ბერიშვილი ე., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ., 2013.