„ლურჯი მონასტერი“, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ანდრია პირველწოდებულის ეკლესია თბილისში. აღმართულია მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, ახლანდ. ვერის პარკთან. ლ. მ. შეარქვეს გუმბათის ლურჯი შორენკეცებით მოპირკეთების გამო. აგებულია XII ს-ში ადრინდელი ეკლესიის ადგილას. ნაგებობაში გამოყენებულია ძვ. ეკლესიის ცალკეული ნაწილები. სამხრ. შესასვლელის ტიმპანში არსებული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი არის „უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარებისკოპოსყოფილი“, თამარ მეფის დროინდელი პოლიტ. მოღვაწის, აბულასანის ძმა, თავდაპირველად ლ. მ-ის გუმბათოვანი ეკლესია XII–XIII სს. მიჯნის ქართლის სხვა ტაძრების (ბეთანია, ქვათახევი) მსგავსი იყო. XVI ან XVII ს-ში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიგა სივრცემ ბაზილიკის იერი მიიღო, 1873 კი ეკლესიას დაადგეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, ააშენეს ახ. კედლები და ფრონტონები (აგურის), რ-ებმაც ძეგლი არსებითად დაამახინჯა. გეგმის, წარწერისა და პერანგის ქვედა ნაწილის გარდა, გადარჩენილია საკურთხევლის შვერილი აფსიდის სამივე სარკმელი და სამხრ. პასტოფორიის აღმ. სარკმელი. ლ. მ-ს მრავალჯერ შეეცვალა სახელი. ვახუშტი ბატონიშვილი მას წმ. გიორგის ეკლესიად მოიხსენიებს: „კუალად ტფილისის ჩდილოთ არს ლურჯ-მონასტერი, ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო, დიდი, აწ ხუცის სამარ“. საბჭ. პერიოდში აქ განთავსებული იყო ქართ. მედიცინის ისტორიის მუზეუმი. XX ს. 90-იან წწ. ეკლესიაში ღმრთისმსახურება განახლდა.
ლიტ.: ბერიძე ვ., თბილისის „ლურჯი მონასტერი“, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2; მთაწმინდელი ზ., ვერის მონასტერი, „დროება“, 1878, №86; ქუთათელაძე მ., თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები, თბ., 2018; Бакрадзе Дм., Кавказ в древних памятниках христианства, Тфл., 1875; Иоселиани П., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866; Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4 , Тфл., 1913.
ვ. ბერიძე