ლურჯი სუფრა, ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია (დაფარვა) აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი კუბური წესით სრულდებოდა – ცხიმნარევ, გასანთლულ ქსოვილზე (საჩითავი) ფიგურებს ყალიბებით გამოსახავდნენ.
სელის ქსოვილისგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა. ლ. ს-ის არქაული სტილის ოდნავ ბუნდოვანი, თეთრი ნახატები, მის უძველეს წარმოშობაზე მიუთითებს. შედარებით ახალია ბამბის ქსოვილის სუფრები, რ-ებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი – კაშკაშა თეთრი.
სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა დაჩითვის სპეც. სქემას. აღმოსავლური „მანი“ სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე ერთმანეთის მონაცვლეობით შემოყოლებულია „როზეტები“ და „ვარსკვლავები“. ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში „მედალიონს“ გამოსახავდნენ, მის გარშემო კი – ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს. ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც. საყურადღებოა სუფრაზე დაჩითული ნადირობის სცენები. უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირმის დაჩითვას დროშით, რ-ზედაც ხან მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. დეკორატიული დანიშნულების გარდა, მოტივებს რიტუალური დატვირთვაც გააჩნდათ. ლ. ს. საზ-ბის ყველა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი. ლ. ს-ის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას მიენიჭა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. ლ. ს. დღესაც პოპულარულია.
ლიტ.: ბრაილაშვილი ნ., ლურჯი სუფრა, თბ., 1971; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.
გ. კვანტიძე