ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (Cyanophyta), წყალმცენარეთა ტიპი. განეკუთვნებიან პროკარიოტებს. გავრცელებულია ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფისნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმები. აქვთ მოლურჯო-მწვანე ფერი, გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ლ.-მ. წ-ს არა აქვთ. პლანქტონურ სახეობებს აქვთ ე. წ. გაზის ვაკუოლები – პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავლდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით – ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ეს ტიპი აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენების კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ (წყალი სასმელად უვარგისი ხდება), წყალსადენის ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ისინი ზოგჯერ წყალსაცავში კუნძულებსაც კი ქმნიან. ბაქტერიებთან ერთად ლ.-მ. წ. მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმ. აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლ.-მ. წ. კი მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. ლ.-მ. წ. უძველესი ჯგუფია და ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვს.
ქ. ყანჩაველი