ლუსინიანი არტემ ჰაიკის ძე [5(18). VII. 1910, თბილისი, – 26. VII. 1963, იქვე], სომეხი მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1950). 1928 დაამთავრა თბილ. სომხური ხელოვნების სახლთან („აიარტუნი“) არსებული დრამ. სტუდია და მუშაობა დაიწყო თბილ. ს. შაუმიანის სახ. სომხურ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ასრულებდა დრამ., კომედიურ და სახასიათო როლებს. ჰქონდა გამორჩეული სცენური გარეგნობა, დიქცია. მისი შესრულებული როლებია: პეპო, მასისიანი, მიქაელი, ოსეპი (გ. სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“, „დანგრეული კერა“), სეირანი, მურადი, სუმბათი, ოტელო (უ. შექსპირის „ოტელო“), ფერდინანდი, კარლ მოორი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, „ყაჩაღები“), სტალინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), არბენინი (მ. ლერმონტოვის „მასკარადი“), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ვააგი (ა. გულაკიანის „განთიადზე“) და სხვ. გადაღებულია მ. ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“ (ყორჩი-ხანის შვილი; 1943). დაკრძალულია თბილ. ხოჯევანქის პანთეონში.