ლორთქიფანიძე გრიგოლ სპირიდონის ძე

გ. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე გრიგოლ სპირიდონის ძე (2. IX. 1881, სოფ. ისრითი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 30. IX. 1937, თბილისი), სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

1902 დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და ჩაირიცხა ნოვოროსიის საიმპერატორო უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე, იქვე აქტიურად ჩაება სოციალ.-დემოკრ. პარტიის მუშაობაში, რის გამოც 1904 დააპატიმრეს და უნ-ტიდანაც გარიცხეს. 1905 დაბრუნდა საქართველოში. რედაქტორობდა სოციალ.-დემოკრ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ყოველდღიურ გაზეთ „სოციალ-დემოკრატიულ ფურცელს“. 1907 ლ. მონაწილეობდა რუსეთის II სახელმწ. სათათბიროს არჩევნებში (კენჭს იყრიდა ქუთაისის გუბერნიაში). იმავე წელს აღიდგინა სტუდენტის სტატუსი და სწავლა იმავე უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტის ფილოსოფიის განყ-ბაზე განაგრძო.

1907 აპრილ-მაისში კი ლ., როგორც მენშევიკური ფრთის წარმომადგენელი, მონაწილეობდა ლონდონში გამართულ სოციალ-დემოკრ. მუშათა პარტიის V ყრილობის მუშაობაში. 1911 იგი კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1912 კი საქართველოდან გაასახლეს. 1913-იდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პირი, რუსეთის ერთი ქალაქიდან მეორეში გადაჰყავდათ. 1916 ჩაიყვანეს ვორონეჟის გუბერნიის დაბა ურაევოში, სადაც კომერციული სასწავლებლის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1917 თებ. რევ. შემდეგ მას საზ.-პოლიტ. მოღვაწეობის ახალი ასპარეზი გაეხსნა. 1918 დასაწყისში ლ. ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1920 იგი საქართვ. დემოკრ. რესპ. სამხედრო მინისტრად, შემდეგ კი – მთავრობის თავ-რის მოადგილედ დაინიშნა.

იგი ცდილობდა შეიარაღებულ ძალებში დაემყარებინა დისციპლინა, განსაკუთრებით ებრძოდა ჯარში არსებულ არასაწესდებო ურთიერთობების ფაქტებს, მხარს არ უჭერდა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის პარალელურ არსებობას და ძალ-ღონეს არ იშურებდა ამ ორი სტრუქტურის გასაერთიანებლად. 1920 მიწურულს ლ. განათლების მინისტრად დანიშნეს, იმავდროულად დარჩა მთავრობის თავ-რის მოადგილედ. ასევე იღვწოდა ეროვნული განათლების სისტემის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად. მას კარგად ესმოდა თსუ-ის როლი ქვეყნის სწორი განვითარების საქმეში და მის მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავდა.

1921 თებ.-მარტში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპ. ოკუპაციის შემდეგ, საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ რევკომთან მოლაპარაკების წარმოება  ლ-ს დაავალა. შეხვედრა შედგა 1921 წ. 17 მარტს ქუთაისში. რევკომმა ლ-ს კაპიტულაციაზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და თავისი პოზიცია შესანიშნავად დაასაბუთა. ამ ნაბიჯით ლ-მ მომავალ თაობას დამოუკიდებლობის აღდგენის ლეგიტიმური უფლება დაუტოვა. მოლაპარაკებაზე ეს ორი მხარე შეთანხმდა ბათუმისა და მისი ოლქის თურქებისაგან განთავისუფლების შესახებ, რაც პირველი რესპუბლიკის მთავრობამ პირნათლად შეასრულა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ლ-მ და გ. მაზნიაშვილმა.

ლ. საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა და ცოლ-შვილთან ერთად მშობლიურ სოფ. ისრითში დასახლდა. 1921 წ. 13 მაისს იგი დააპატიმრეს და 1922 ბოლოს რუსეთში, ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ იაროსლავის საკატორღო ციხის გავლით, ვლადიმირის გუბერნიის ქ. სუზდალის სამონასტრო საპყრობილეში იხდიდა სასჯელს. სწორედ აქ 1922–24 დაწერა თავისი ისტ.-ფილოს. ესე „ფიქრები საქართველოზე“, რ-შიც საქართვ. ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. 1925 ლ. სამი წლით კურსკში გადაასახლეს. 1928 ჩამოვიდა საქართველოში. საქართვ. კომპარტიის მესვეურებმა მას თხოვეს, მთელი საქართველო შემოევლო და არსებული ვითარება შეეფასებინა. ლ-მ ეს თხოვნა პირნათლად შეასრულა, შესაბამისი მოხსენებაც მოამზადა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა. 1929 წ. 21 დეკემბერს ლ-მ დაბადების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დეპეშა გაუგზავნა ი. სტალინს, რ-შიც საბჭოთა ბელადი გააკრიტიკა. ამის გამო იგი 6 თვით დააპატიმრეს, შემდეგ კი 3 წლით ვორონეჟში გადაასახლეს. 1935 ლ-მ დგებუაძესა და კანდელაკთან ერთად შენიშვნები გაუგზავნა საკონსტიტუციო კომისიას, რ-საც ი. სტალინი თავმჯდომარეობდა. წერილში გაანალიზებული იყო საბჭოთა ხელისუფლების პირველი წლებიდანვე დაშვებული სერიოზული შეცდომები.

ასეთი აქტიურობა ლ-ს ძვირად დაუჯდა – 1937 წ. იანვარში 5 წლით ციმბირში გადაასახლეს, იმავე წლის მარტ-აპრილში კი ლ. ბერიას განკარგულებით საქართველოში ჩამოიყვანეს. თბილისში დატუსაღებული პატიმარი ლ. ერთ-ერთი დაკითხვის დროს გარდაიცვალა.

დაკრძალვის ადგილი უცნობია.

თხზ.: ფიქრები საქართველოზე, რედ. პ. სურგულაძე, თბ., 1995.

ლიტ.: ბენდიანიშვილი ალ., გრიგოლ ლორთქიფანიძის ,,ფიქრები საქართველოზე“ და ბრძოლა საბჭოურ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, თბ., 2007; გრიგოლ ლორთქიფანიძე – მოღვაწე და მამულიშვილი, თბ., 2001; გრიგოლ ლორთქიფანიძის მეცნიერული მემკვიდრეობა (გრიგოლ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი II სამეცნიერო კონფერენციის მასალები), თბ., 2000; გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ეროვნულ-პოლიტიკური კონცეფცია, რედ. ალ. ბენდიანიშვილი, თბ., 2009; ზარქუა გრ., გრიგოლ ლორთქიფანიძე, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 2002; ჭუმბურიძე დ., გრიგოლ ლორთქიფანიძე, თბ., 2012.

პ. სურგულაძე