მეძმარიაშვილი ელგუჯა ვიქტორის ძე (დ. 17. VII. 1946, ბათუმი), მეცნიერი კოსმოსური და სამხ.-საინჟ. ტექ. დარგში; პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტის გენ. კონსტრუქტორი (1999); აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. − 2001); ტექ. (1994) და სამხ. მეცნ. (2004) დოქტორი; პროფესორი (1995); სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1996); გენერალ-მაიორი (1999). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშენებლო ფაკ-ტი (1969). 1969-იდან იქვე მუშაობდა დოცენტად, პროფესორად, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის, შემდგომ კი − თავისივე დაარსებული სამხ.-საინჟ. შეიარაღებისა და სპეც. ნაგებობების კათედრის გამგედ. მისივე ინიციატივით შეიქმნა სამხ.-კოსმ. ტექნიკის მოსკოვის ცენტრ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „კომეტა“; იყო თბილ. ქვედანაყოფის სახელმწ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს მთ. კონსტრუქტორი და უფროსი (1981-91); საქართვ. კოსმოსურ ნაგებობათა ინ-ტის გენ. კონსტრუქტორი და გენ. დირექტორი (1991-2006); საქართვ. პარლამენტის მესამე მოწვევის წევრი (1999-2004); საქართვ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში (1991-2006); მისივე ინიციატივით შექმნილი საქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხ.-საინჟ. აკად. პრეზიდენტი (2001-06). მ. არის სტუ-ის ნაგებობების, სპეც. სისტემებისა და საინჟ. უზრუნველყოფის ინ-ტის გენ. კონსტრუქტორი (2006-იდან), სტუ-ის პროფესორი (2009-იდან) და სამთო ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი (2015-იდან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საინჟინრო მეცნ. და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2019-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მიერ დაარსებული სამხ. ჟურნალის − „სამხედრო მეცნიერება. საქართველო“ − რედაქტორი (2016-იდან).
მ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კოსმოსური და მიწისზედა სპეც. დანიშნულებისა და სამხ.-საინჟ. ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორმირებადი საინჟ. სისტემების თეორია: საქართვ. ტერიტორიის თავდაცვისთვის საინჟ. მომზადება; საბრძოლო მოქმედებების სამხ.-საინჟ. უზრუნველყოფა და სამხ. თეორია.
მ-მა დაამუშავა რაკეტების თვალთვალისა და დამიზნების ავტონომიური, დიდი ზომის კოსმოსური თანამგზავრული კომპლექსი (1981-89); მისივე ხელმძღვანელობით შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმ. და მიწისზედა კომპლექსები, რ-ებიც აგებული იყო დიდი ზომის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე; ასევე შეწყვილებული წრიული 20-მეტრიანი კონსტრუქცია „კრაბი“ (განხორციელდა კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს 40-ზე“; 1989) და 18-მეტრიანი ნაგებობა „სოფორას“ საბაზო კონსტრუქცია (რეალიზებულია ორბიტალურ სადგურ „მირზე“ ღია კოსმოსურ სივრცეში; 1991).
საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მ-ის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში აღსანიშნავია პირველი ქართ. კოსმოსური ობიექტი − „რეფლექტორი“ (გავიდა ორბიტაზე 1999 წ. 23 ივლისს, წარმატებით გაიშალა და გამოიცადა); თავდაცვითი დანიშნულებისა და ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი მობილური, სწრაფასაგები 48-მეტრიანი სიგრძის ხიდი; საქართვ. სამგანზომილებიანი სამხ.-საინჟ. რუკა; საქართვ. ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების სამხ.-საინჟ. კატალოგების შექმნა და სახელმწ. მიზნობრივი პროგრამის შესრულება; სპეც. რ-ნების მაღალი სიზუსტის კოსმოსური გადაღებების მონაცემთა ციფრული ბანკის შექმნა. მ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები; არის რამდენიმე გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის პატენტები. მისი ნაშრომების ნაწილს მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ და „ საიდუმლო“.
დაჯილდოებულია ღირსებისა (1996) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (1999) ორდენებით; საზღვარგარეთისა და საერთაშ. ორგანიზაციების სახელმწ. და საუწყებო ორდენებითა და მედლებით. არის გ. ნიკოლაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2007): თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).
თხზ.: საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები, თბ., 2006; Трансформируемые конструкции в космосе и на земле, Тб., 1995; Novel approach to ihdirect actions of military theory, Norderstedt, Germany, 2009.
ლიტ.: დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან, თბ., 2003; პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი. სარედაქციო ჯგუფი. თბ., 2016.
პ. მამრაძე