ლომაძე გიორგი არსენის ძე

ლომაძე გიორგი არსენის ძე (27. XII. 1911, მოსკოვი, – 28. VIII. 2005, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). 1937 დაამთავრა თსუ. 1946–53 მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში, 1948–2005 – თსუ-ში, სადაც კითხულობდა ალგებრისა და რიცხვთა თეორიის ძირითად კურსებს და რამდენიმე სპეც. კურსს.

თავის ადრეულ სამეცნ. ნაშრომებში, კომპლექსური ანალიზის გამოყენებით, ლ-მ ერთიანი მიდგომით განაზოგადა ნატურალურ რიცხვთა კვადრატების ჯამად წარმოდგენის კვლევის ცალკეული მეთოდები და მიიღო როგორც ცნობილი, ასევე ახ. ე. წ. „ზუსტი ფორმულები“ ამ წარმოდგენისთვის. მოგვიანებით ის დაუბრუნდა ამ ამოცანას და მიიღო არაერთი ზუსტი ფორმულა, რ-ებიც რიცხვთა თეორიის კლასიკური, გაუმჯობესებადი შედეგია. მან იაკობის თეტა-ფუნქციებზე, მოდულარულ ფორმებსა და მახასიათებლიან თეტა-ფუნქციებზე დაფუძნებული მეთოდების განზოგადებით შექმნა ერთიანი მეთოდი ზუსტი ფორმულების მისაღებად დიაგონალური კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენისთვის. ბინარული ფორმის შემთხვევაში ლ-მ ეს შეძლო „განზოგადებული სინგულარული მწკრივის“ აგებით. ზუსტი ფორმულების უდიდეს ნაწილში მარტივი არითმეტიკული აზრის წარმოჩენის მიზნით ლ-მ ააგო სპეც. პარაბოლურ ფორმათა არაერთი სივრცის ბაზისი. როგორც დიაგონალური, ისე არადიაგონალური კვადრატული ფორმებისთვის ანალოგიურ ამოცანათა გადაწყვეტით ლ-მ არსებითი წვლილი შეიტანა ჰეკეს სპეც. ჯგუფის ჩასმების მიმართ მახასიათებლიანი თეტა-მწკრივების წარმოებულების ყოფაქცევის შესწავლით. ლ-ის შედეგები აღიარებულია რიცხვთა თეორიის წამყვანი სპეციალისტების მიერ. მათი ნაწილი განაზოგადეს მისმა მოწაფეებმა და უცხოელმა მათემატიკოსებმა.

დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2003). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: О представлений натуральных чисел суммами квадратов, „Труды Тбилисского математического института им. Размадзе‟, 1954, т. 20; О числе представлений натуральных чисел суммами девяти квадратов, „Acta Arithmetica“, 1994, т. 68; Representation of Numbers by Quadratic Forms. Main Results of the Research Done in Georgia, „Georgian Mathematical Journal‟, 2006, N13.

ლიტ.: გიორგი ლომაძე, კრ. მიძღვნილი დაბადების 90-ე წლისთავისადმი, თბ., 2001.

გ. გოგიშვილი

თ. ვეფხვაძე