ეგრისწყალი

ეგრისწყალი, ე გ რ ი ს ი ს წ ყ ა ლ ი, ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, მდინარე დასავლეთ საქართველოში. ე. მოხსენიებულია ძველი ქართველი ისტორიკოსების ლეონტი მროველის, ჯუანშერის თხზულებებში და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში. ქართულ ისტორიოგრაფიაში ე-ის ლოკალიზაციის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა. ისტორიკოსთა ნაწილი ეყრდნობა ლეონტი მროველის მოსაზრებას ქალაქ ეგრისისა და შემდეგდროინდელი ბედიის იგივეობის შესახებ და ე-ს აიგივებენ მდინარეებთან: ოხოჯასა და ღალიძგასთან. ე-ს მდ. ღალიძგად მიიჩნევენ ის ისტორიკოსებიც, რ-ებიც თვლიან, რომ ძვ. ქართულ საისტორიო წყაროებში მოხსენიებული ე. სასაზღვრო მდინარეს წარმოადგენდა შიდა ეგრისსა (იხ. ეგრისი) და აფშილეთს შორის. რიგი ისტორიკოსებისა ყურადღებას აქცევს იმ ფაქტსაც, რომ „ეგრისწყლის“ ფუძე ეგერი თუ ეგური შემორჩენილია მდ. ენგურის სახელწოდებაში.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის გამოც., წგ. 1, თბ., 1963.

ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე  თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1977.

თ. ბერაძე