„ივერია“

„ივერია“ (სააქციო საზოგადოება „ს ა ს ტ უ მ რ ო  ი ვ ე რ ი ა "), სასტუმრო თბილისში. გაიხსნა 1967 (არქიტ. – ო. კალანდარი­შვილი, თანაავტ. – ი. ცხომელიძე; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972). მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის (ახლანდ. პირველი რესპუბლიკის) მოედანზე. 22-სართულიან სასტუმ­როში (282 ნომერი, 532 საწოლი ადგილი) გათვა­ლისწინებული იყო როგორც უმაღლესი, ისე პირველი კატეგორი­ის ნომრები. თეძმის ტუფით მოპირკე­თებული შენობის ინტერიერში უხვად იყო გამოყენებული ­ქართვ. ოსტატთა მაღალმხატვრული ნამუშევრები (არქიტექტორები: ა. კ. ბაქრაძე, ნ. ჯობაძე; მოქანდაკეები: ა. გორგაძე, გ. კალაძე, გ. კორძახია; მხატვ­რე­ბი: ბ. ბერძენი­შვილი, თ. წერეთელი, ვ. ქოქია­შვილი). სასტუმროს ჰქონდა რესტორანი, საბანკეტო დარბაზი, ეროვნ. სამზარეულოს დარბაზი, ლუდისა და ღამის ბარები, კაფე, სამო­რინე, საკონფერენციო დარბაზი, სახუ­რავზე განთავსებული იყო საცურაო აუზი. „ი." ემსახურებოდა როგორც ად­გილ., ისე უცხოეთის მოქალაქეებს. 1992-იდან აქ აფხაზეთიდან იძულებით გადაად­გილებული და თბილისის ომის (1991–92) დროს დაზარალებული ოჯახები ცხოვრობდნენ. 2009 სექ­ტემბრიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, აქ განთავსდა სასტტუმრო „რედისონ ბლუ ივერია".