„ივერია“, ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი. თავდაპირველად შეიქმნა როგორც ვოკალურ-საკრავიერი კვარტეტი ა. ბასილაიას, ჯ. ბაღაშვილის, ვ. ტატიშვილისა და გ. ლეონიძის შემადგენლობით. 1968 გადაკეთდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლად (ხელმძღვ. ა. ბასილაია, 2009-მდე). ანსამბლს დაემატნენ: ლ. კობალაძე, ლ. ზღვაური, თ. წიკლაური, დ. აბულაძე, ნ. კვაშალი, ზ. ლალიაშვილი, ვ. ლალიაშვილი, ზ. ცისკარიძე, მ. თოდაძე, ბ. შხიანი, გ. ლორია, ა. შარაშენიძე, თ. ყვითელაშვილი, ს. პავლიაშვილი, გ. სეფაშვილი, თ. თათარაშვილი, თ. ამონაშვილი, ლ. ურუშაძე, ა. კვაშალი, გ. ბაღაშვილი, ქ. წიკლაური, ნ. გელაშვილი, ზ. იაკაშვილი და სხვ.). 1968–83 ანსამბლის რეჟისორი და რამდენიმე მიუზიკლის ლიბრეტოს ავტორი იყო ა. გ. გელოვანი, 1983-იდან – ჯ. ბაღაშვილი. არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანსამბლმა შექმნა ოცდაორი საკონცერტო პროგრამა (ოცდაორივე პროგრამის სცენარის ავტორი – ჯ. ბაღაშვილი; რეჟისორები: 1968–83 ა. გელოვანი, 1983-იდან – ჯ. ბაღაშვილი), ხუთი მიუზიკლი [(ხუთივე მიუზიკლის მუსიკის ავტორი – ა. ბასილაია): „რწყილი და ჭიანჭველა" (1976), „ჩხიკვთა ქორწილი" (1979, ორივე ლიბრეტოს ავტორები – ა. გელოვანი და ჯ. ბაღაშვილი, რეჟ. – ა. გელოვანი), „არგონავტები" (1983, ლიბრეტო ჯ. ბაღაშვილის, რეჟ. – ნ. კიტია), „თოვლის ბებოს ზღაპარი" (1986), „ფიროსმანი" (1996, ორივე ლიბრეტოს ავტორი და რეჟ. – ჯ. ბაღაშვილი)]. სხვადასხვა დროს ანსამბლმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს 60-მდე ქვეყანა, გამართა 5000-ზე მეტი კონცერტი. „ივერიას" ეკუთვნის თბილისის საკონცერტო დარბაზში ზედიზედ ჩატარებული კონცერტებისა და სპექტაკლების რეკორდული მაჩვენებელი (1986 „თოვლის ბებოს ზღაპრის" 164-მა სპექტაკლმა ჩაიარა სრული ანშლაგით).
მაღალმხატვრულმა პროფ. დონემ, თითოეული შემსრულებლის პროფესიონალიზმმა, მსუბუქმა და დახვეწილმა იუმორმა, მუს. ქსოვილის მელოდიურობამ განაპირობა ანსამბლის დიდი პოპულარობა.
ნ. გელოვანი