ხეცურიანი რამაზ გრიგოლის ძე (დ. 14.V.1949, ცაგერი), ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (2001), საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (2018), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1996).
1973 დაამთავრა თსსი. იყო ამავე ინ-ტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი (1978 – 85), დოცენტი (1985 – 90), პროფესორი (1990), კათედრის გამგე (1996, 2006 -იდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი). 1992 – 2005 - თსსუ-ს რექტორი. 2021-იდან საქართვ. მეცნ. აკადემიის მედ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანია.
ხ. არის მრავალი სამეცნ. შრომის მ.შ. 6 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების (დიაგნოსტიკური ერითროდეფორმატორი) ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: პლაცენტის სისხლძრღვთა მორფო-ფუნქციური თავისებურებები, ფიზიკური განვითარების აქცელერაცია, ორგანიზმის და მისი ცალკეული სისტემის ასაკობრივი თავისებურებები, ნერვული სისტემის მორფო-ფუნქციური თავისებურებების ასაკობრივი ასპექტები, გულის კუნთის აღნაგობის და ფუნქციის საკითხები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები მ.შ.: ღირსების (1999), ალბერტ შვაიცერის ოქროს ჯვრის (1997) და მისივე სახელობის დიდი ოქროს მედალი (1999), კემბრიჯის ღირსების (1997), მსოფლიო ბიოგრაფიული საზ.-ბის ,,ღირსეული პიროვნების“ დიდი ოქროს მედალი (2000) და სხვ.
არის ა. ნათიშვილის პრემიის ლაურეატი (2018), საფრანგეთის შამპან - არდენის საპატიო მოქალაქე (2000), მსოფლიო ბიოგრაფიული საზ.-ბის თანადირექტორი ევროპიდან (1999), კემბრიჯისა და მსოფლიო ბიოგრაფიული საზ.-ბის ექსპერტი.
ხ. მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილეა.
თხზ.: ადამიანის ნორმალური ანატომია, თბ., (2006, 2011); გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანატომია (თანაავტ.), თბ., 2012; სასუნთქი, ენდოკრინული და იმუნური სისტემის ანატომია, თბ., 2013; თავის ტვინის და გრძნობათა ორგანოების ანატომია, თბ., 2013; ადამიანის ანატომია (ორტომეული), თბ., 2015.
ს. ბაქრაძე