ლაგორიო ფელიქს (1781–1857), ნეაპოლის სამეფოს კონსული ფეოდოსიაში. თავის ძმებთან ერთად განაგებდა 1811 დაარსებულ სამეგრელოს, ანუ ფასისის სავაჭრო კომპანიას. 1808 წ. 12 ივნისს ლ-მ ფეოდოსიიდან საქართველოში გაგზავნა სავაჭრო ექსპედიცია, რ-საც მისი ძმა ხელმძღვანელობდა. ექსპედიცია ანაკლიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ რედუტ-კალეს (ნავსადგური დას. საქართველოში), ჭალადიდისა და მარნის გავლით ქუთაისამდე მიაღწია (თბილისში ჩასვლა ვერ მოახერხეს).
ლ-მ გამოაქვეყნა ექსპედიციის დღიურების ფრაგმენტები (თავად იყო თუ არა საქართველოში, დანამდვილებით არ არის ცნობილი), რ-ებიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს სამეგრელოსა და იმერეთის ეკონ., სოც. და კულტ. ისტორიისათვის. მოცემულია მასალა საზ. ურთიერთობის დასახასიათებლად სამეგრელოსა და იმერეთში, არის ცნობები სოლომონ II-ისა და სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე დადიანის შესახებ, ხაზგასმულია ფოთის ხელსაყრელი მდებარეობა.
ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу, 1800– 1830, Тб., 1946.
ე. მამისთვალიშვილი