ლაგურკა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. თარიღდება X–XI საუკუნეებით. მდებარეობს მესტიის მუნიციპ-ში, კალის თემის სოფ. ხის მიდამოებში, მდ. ენგურის მარცხ. მხარეს, მაღალ მთაზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია მოყვითალო ფერის შირიმის ქვით. სამხრ-იდან და ჩრდ-იდან, მთელ სიგრძეზე, აქვს მინაშენები. დას. მხრიდან ეკვრის ორსართულიანი სამრეკლო. ინტერიერში საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დას. კედელში. ინტერიერი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ (1112) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით (აღნიშნულია დას. კედლის წარწერის შემორჩენილ ფრაგმენტში). მოხატულობის ლაკონიურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილ. ტრადიციებს: აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტას ფიგურები დას. კედელსა და კანკელზე, ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტას თავის კვეთა) გამოსახულია სამხრ. კედლის თაღებში. მხატვრობა მონუმ. ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტ. დანაწევრებას. გამოსახუ-ლებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლ-ის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართ., არამედ საერთოდ შუა საუკუნეთა მონუმ. მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდ. ნიმუშია იმ მიმართულებისა, რ-მაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII ს. I ნახ-იდან. მიწისძვრის დროს დაზიანებული ფრესკები, როგორც წარწერიდან ჩანს, მოგვიანებით ნაწილობრივ განუახლებია გამოუცდელ ხელოსანს (ძირითადად საკურთხეველში). ლ-ში თავმოყრილია ადგილ. და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი შუა საუკუნეების ხელოვნ. ნიმუშები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და სხვ.).
ლიტ.: ყენია მ., ზემო სვანეთი, შუასაუკუნოვანი კედლის მხატვრობა. – ალბომი, თბ., 2010; Аладашвили Н. А., Алибегашвили Г. В., Вольская А. И., Росписи художника Тевдоре в Верхней Сванети, Тб., 1966; Амиранашвили Ш. Я., История грузннской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957.
თ. გერსამია