ლადა-ზაბლოცკი (Lada-Zablocki) ტადეუშ (27. VIII. 1811, სოფ. ლუგინიჩი, ვიტებსკის გუბერნია, – VIII. 1847, სოფ. კულპი, ერევნის გუბერნია, ახლანდ. ნახიჩევანი, აზერბ. რესპ.), პოლონელი პოეტი. პოლონელ პოეტთა „კავკასიის ჯგუფის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი. თბილისში ჩამოვიდა 1837. წერდა პატრიოტულ ლექსებს. მეგობრობდა ნ. ბარათაშვილთან, მ. თუმანიშვილთან და სხვ. თარგმნიდა ქართულიდან. 1838 დაწერა ლექსი „ალაზნის ველი“, რ-ის მინაწერში მიმოიხილავს საქართვ. ისტორიას, განსაკუთრებით თამარ მეფის ხანას და „ვეფხისტყაოსანს“. ლექსი ქართულად თარგმნა მ. თუმანიშვილმა და შეიტანა თავის „რჩეულ ლექსებში“ (1882). ლ-ზ-ის ნაშრომს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს ლიტერატურისა“ ჩვენამდე არ მოუღწევია.
ზ. რავიჩი