ლადოგური სიგი (Coregonus lavaretus Linnaeus, 1758), თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. მაქსიმალური სიგრძე – 60 მ. მასა – 3 კგ. მტკნარი წყლის თევზია, შედის მდინარეებში, ბინადრობს ტბებში. ირჩევს ქვიშიან, ჟანგბადით მდიდარ წყალს. სქესობრივად მწიფდება 3–4 წლის ასაკში. ტოფობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფიერება 1000–54000 ქვირითია. მოზარდი იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით, მოზრდილი ფორმები – პლანქტონით და ბენთოსური ორგანიზმებით, ძირითადად გვერდულებით, მოლუსკებით, ჭიებით, წურბელებით, ნიჩაბფეხიანი კიბოებით, ბაყაყებით, ლიფსიტებით, ქვირითითა და მცენარეებით. ლ. ს. ლადოგის ტბის ენდემია. გავრცელებულია ევროპაში, სადაც ხელოვნურად ამრავლებენ. ინტროდუცირებულია ირანში. საქართველოში ტაბაწყურის ტბაში აკლიმატიზებულია (1930) ვოლხოვის (რუსეთი, პეტერბურგის რეგიონი) თევზსაშენიდან. მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია. შეტანილია ბერნის კონვენციის მესამე დანართში, ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით მოწყვლადი თევზია (VU)(D2).
ნ. ნინუა