ლავანდი

ლავანდი (Lavandula), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ბალახები, ბუჩქბალახები და ბუჩქებია. გვარში შემავალი 25-ზე მეტი სახეობა ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ასევე კანარის კუნძულებზე, ჩრდ. და აღმ. აფრიკაში, ავსტრალიაში, ევროპის სამხრეთსა და ინდოეთში. ლ-ის მრავალი სახეობიდან (L. latifolia, L. vera და სხვ.) ძველთაგანვე ხდიდნენ ძვირფას ეთეროვან ზეთებს. ლ-ის ზეთს უმთავრესად L. spica-საგან იღებენ და პარფიუმერიაში იყენებენ. მედიცინაში კი L. officinalis გამოიყენება.

ლ. კულტივირებულია არაერთ ქვეყანაში. მისი გამხმარი ყვავილები და ფოთლები დიდხანს ინარჩუნებს სურნელს, ზოგი სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია.

საქართველოში, კერძოდ კახეთში, ლ. მოშენებული იყო როგორც ეთერზეთოვანი კულტურა. დღეისათვის სოფ. ნუკრიანში გაშენებულია ლ-ის პლანტაცია. სკვერებსა და პარკებში იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.