ლავრა

ლავრა (ბერძნ. Λαύρα, laura – დიდი მონასტერი), მონასტრის ტიპი აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში. წარმოიშვა IV ს-ში პალესტინაში. მასში შეთავსებულია კინობიტური (საერთო საცხოვრისის მონასტერი) ანაქორეტული (განდეგილური) მონაზვნობის ელემენტები. კომპლექსი აერთიანებდა ცენტრ. ტაძარს, სატრაპეზოს, კელიებს და სამეურნეო (საცხობი, საწყობი და სხვ.) ნაგებობებს. დღეისათვის ლ. მამათა დიდი მართლმადიდებელი მონასტერია. შემდგომ მონასტრის ეს ტიპი გავრცელდა სირიაში, ეგვიპტეში, არაბეთის უდაბნოში. ლ-ში ბერები ცალ-ცალკე, მკაცრი ასკეტიზმის პირობებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე ესწრებოდნენ საერთო ლიტურგიასა და ტრაპეზს. ლ-ს ადგილობრივი ეპისკოპოსის მიერ დამტკიცებული იღუმენი ან არქიმანდრიტი ედგა სათავეში. ყველაზე ცნობილი ლ-ებია: წმ. ხარიტონის (328–355), საბა განწმედილის (VI ს.), წმ. გერასიმეს (V ს.), წმ. ექვთიმე დიდის (V ს.) და სხვ. მოგვიანებით საერთო საცხოვრებელ მონასტერსა და ლ-ს შორის სხვაობა წაიშალა და ლ. დიდი მონასტრის სახელწოდებად იქცა (მაგ., ათონის დიდი ლავრა). რომაულ-კათოლ. ეკლესიისათვის ლ., როგორც მონაზვნური ორგანიზაციის ტიპი, დამახასიათებელი არ არის.

საქართველოში ლ., როგორც განსაკუთრებული დიდი მონასტერი, X–XI სს-იდან ჩნდება. ლ-ად იწოდებოდა ნახევრად განდეგილური წესდების მქონე მღვიმური ტიპის მცირე მონასტრები და, ასევე, დიდი საერთო საცხოვრებელი სავანეებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დავითის ლ. (იხ. დავითგარეჯა). ადრეული სავანეები პალესტინური წეს-განგების მიხედვით ფუნქციონირებდნენ. შატბერდის მონასტერი XI ს-იდან ლ-დ იწოდებოდა, რ-იც საბაწმინდური წეს-განგებით იმართებოდა. პერიოდულად ლ-ს უწოდებდნენ შიომღვიმის, ვეჯინისა და სხვ. მონასტრებსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი ქართველი სას. პირი მოღვაწეობდა პალესტინის, ეგვიპტის, ათონისა და სხვ. ლ-ებში. ეს ეკლესიები არ შედიოდა საქართვ. ეკლესიის იურისდიქციაში, მაგრამ აქ მოღვაწე ქართველთა საეკლ.-სამწერლობო მოღვაწეობა ჩვენი კულტურისთვის ფასდაუდებელია.

ზ. ეკალაძე