ლავრენტი (გაბაშვილი) (გ. 20. V. 1720), საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი. 1687 ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად) დაინიშნა. მისი ძალისხმევით დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველების სულიერ ცენტრად. ლ-მ მონასტერში საფუძველი ჩაუყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლების საქმეს. დაკრძალულია დონის მონასტრის უფლის მირქმის ეკლესიაში.
ლიტ.: სიხარულიძე ფრ., მოსკოვში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ისტორიისათვის, „საბჭოთა ხელოვნება“, 1981, №12; ტატიშვილი ვ., ქართველები მოსკოვში, გამოც., მე-2, თბ., 1959; ყუბანეიშვილი ს., რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან XVIII ს-ში, „ლიტერატურული ძიებანი,“ 1956, ტ. 10.
თ. მარგველაშვილი