ლავრენტი (ერისკაცობაში ლავრენტი მეტრეველი) (1861, უწერა, – 1937), სასულიერო მოღვაწე, არქიმანდრიტი.
დაამთავრა თბილ. სას. სემინარია (1884). მსახურობდა სხვადასხვა ეპარქიაში. სხვა ქართვ. სას. მოღვაწეებთან ერთად აქტიურად იღვწოდა ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917. 1918-მდე იყო მონასტრის დეკანოზი. 1918 მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და გაამწესეს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. ლ. ეწეოდა ნაყოფიერ საგანმან. მოღვაწეობას – იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის აქტიური წევრი და მზრუნველობას არ აკლებდა სამრევლო სკოლებს. 1928 კომუნისტებმა დახურეს ნიკორწმინდისა და ჭელიშის მონასტრები. ლ., დიდი წინააღმდეგობისა და რისკის მიუხედავად, არ ტოვებდა მონასტერს და ზრუნავდა მასზე, ამუშავებდა სამონასტრო ყანებს და იქ მოწეული მოსავლით მუდმივად ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახებს; საბჭოთა რეჟიმისგან ფარულად აგრძელებდა წირვა-ლოცვას და ქადაგებას, მკურნალობდა დავრდომილებს, ამასთანავე თანაუგრძნობდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობას. ყოველივე ეს ხელისუფლებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა – 1937 იგი „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს და დააპატიმრეს, იმავე წლის დამლევს კი დახვრიტეს.
ლ. ურუშაძე