ავრისხევი

ავრისხევი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის კასპის მუნიციპალიტეტში (წინარეხის თემი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ლავრულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 960 მ, კასპიდან 20 კმ, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 18 მცხ. (2014).

სოფლის სამხრ-ით, 1–1,5 კმ-ზე, ტყიან ხეობაში მდებარეობს „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ლავრის ეკლესია (X ს. I ნახ.), რ-იც ნაგებია საშ. ზომის ნატეხი ქვიშაქვით. აქვს ორი შესასვლელი – ჩრდ-იდან და დას-იდან. ჯვრის აღმ. მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები მართკუთხაა. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათი. გუმბათქვეშა მართკუთხედიდან გუმბათის ყელის რვაწახნაგოვან საფუძველზე გადასვლა ხორციელდება ოთხი ტრომპისმაგვარი კონსტრუქციის მეშვეობით. ყოველ წახნაგსა და ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. XIX ს-ში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს (შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები), დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.