ლავროვსკი მიხეილ ლეონიდის ძე

ლავროვსკი მიხეილ ლეონიდის ძე (დ. 29. XI. 1942, თბილისი), ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი, პედაგოგი. რსფსრ (1973) და სსრკ სახ. არტისტი (1976), ლენინური პრემიის (1970) და სსრკ სახელმწ. პრემიების (1977) ლაურეატი; ბალეტმაისტერ ლ. ლავროვსკისა (ივანოვ-ლავროვსკი) და ე. ჩიკვაიძის შვილი და მოწაფე.

1960 დაამთავრა მოსკ. ქორეოგრ. სასწავლებელი, 1978 – რუს. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის საბალეტმაისტერო ფაკ-ტი. 1961–87 იყო მოსკ. დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, 1961 დებიუტი შედგა ა. ბალანჩივაძის ბალეტ „ცხოვრების ფურცლებში“ (გიორგის ვაჟი). იგი მონაწილეობდა სხვადასხვა დადგმებში: ბ. ასტაფიევის „პარიზის ალი“ (ფილიპი), პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ (ზიგფრიდი), ა. ადანის „ჟიზელი“ (ალბერტი), ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი“ (სპარტაკი) და სხვ. 1983–85 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვ. და მთ. ბალეტმაისტერი. მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყნის თეატრებსა და საბალეტო სკოლებში.

თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგა და მთ. პარტია შეასრულა ბალეტში „პორგი და ბესი“ (1984, ჯ. გერშვინი, საბალეტო ვერსია მ. ოძელის) და „რომეო და ჯულიეტა“ (1982, ს. პროკოფიევი). ასევე დადგა და მთ. პარტია შეასრულა სატელევიზიო ფილმ-ბალეტ „მწირში“ (1976; სსრკ ცენტრ. ტელევიზიის პრემია და ნიუ-იორკის კინობალეტის VII საერთაშ. კინოფესტივალის გრან-პრი, ორივე 1978; ჩიკაგოს საბალეტო ფილმების საერთაშ. ფესტივალის „დიდი ვერცხლის მედალი“, 1979), „პრომეთეოსსა“ (1984; ა. სკრიაბინის „ცეცხლის პოემის“ მიხედვით; კიევის საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი) და „ალიბაბა და 40 ყაჩაღში“ (1990; საერთაშ. კინოფესტივალ GOLDEN FLEECE – 90-ისა და POST MONTEREUX – 92-ის პრიზები; სამივეს რეჟ. ზ. კაკაბაძე) და სხვ. მიღებული აქვს მრავალი საერთაშ. პრემია და ჯილდო.

თხზ.: Лавровский М., От первого лица, М., 2006.

ლიტ.: გუნია ნ., მიხეილ ლავროვსკი საქართველოში, „თეატრი და ცხოვრება“, 1997, №2–3; მ. ლავროვსკი, „მუსიკა“, 2002;

რ. ქუთათელაძე

მ. ჯაფარიძე