ლაზარე

ლაზარე, (ებრ. „ღმერთმა მიშველა“), ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს საყვარელი მეგობარი. ცხოვრობდა ბეთანიაში. ოთხი დღის წინ გარდაცვლილი და დაფლული ლ. იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა, რითაც კიდევ ერთხელ ეუწყათ ადამიანებს, რომ იესო მაცხოვარია. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლ-მ ოცდაათი წელი იცხოვრა და კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. მისი უხრწნელი ნაწილები კიტეაში (ახლანდ. ქ. ლარნაკა), მარმარილოს ლუსკუმაში ჩაბრძანებული აღმოაჩინეს წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ VI-ის ბრძანებით, სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს ტაძარში დაკრძალეს.

ქართველ ხალხს ლ-ს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღორძინების სიმბოლოდ მიაჩნია. იოანე ზოსიმეს მიხედვით „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქჳან“.

მართლმადიდებელი ეკლესია, მართალი ლ. ხსენების დღეს ორჯერ – დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს (ლაზარეს შაბათი. მკვდრეთით აღდგინება ლაზარესი) და 17(30) ოქტ. (სიწმინდეების გადაცემის პატივსაცემად) აღნიშნავს.

თ. მარგველაშვილი