ლაზარევი ივანე პეტრეს ძე

ლაზარევი ივანე პეტრეს ძე (1763 – 18. IV. 1803, თბილისი), რუსი სამხედრო მოხელე კავკასიაში, გენერალ-მაიორი (1798), მეთაურობდა ლეგიონს, რ-იც 1799 ნოემბერში საქართველოში შემოვიდა რუსეთთან გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ლ., ფაქტობრივად, 1800 დეკემბრის მიწურულიდან 1801 იანვ. ბოლომდე განაგებდა ადგილ. ხელისუფლებას. 1801–02 სათავეში ედგა დროებით მმართველობას. გიორგი XII-მ სიკვდილის წინ ლ-ს სას. პირების მეშვეობით მოთხოვნა გაუგზავნა, რ-იც 1783 ტრაქტატის თანახმად, ითვალისწინებდა მისი გარდაცვალების შემდეგ უფლისწულ დავითის დაუყოვნებლივ გამეფებას, მაგრამ ლ-ს ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა იმპ. პავლე I-ის ბრძანება სამეფო ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის აკრძალვის თაობაზე, ამიტომ მან არაფრად ჩააგდო მეფის მოთხოვნა.

რუს. მმართველობის შემოღების შემდეგ ლ-ს რუს. ჯარის უფროსობა დაევალა. ერთი ვერსიით იგი მოკლა გიორგი XII-ის ქვრივმა მარიამ დედოფალმა მისი რუსეთში ძალით გადასახლების მცდელობისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით დედოფალისადმი უპატიებელი მოპყრობის გამო გენერალი მოკლა მარიამის მხლებელმა (მცველი) ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა.

წყარო: ბაგრატიონი თ., ახალი ისტორია, თბ., 1983; იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

ლ. მანიავა