ლაზარიანი ჰოვანეს

ლაზარიანი ჰოვანეს (1735–1801), სახელმწიფო მოღვაწე. ლაზარევების (ლაზარიანთა) აზნაურული ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაახლოებული იყო რუს. სამეფო კართან. იგი სათავეში ედგა სომხ. განმათ. მოძრაობის ცენტრს და სხვა სომხ. ორგანიზაციების მსგავსად ეროვნ. სახელმწიფოს აღდგენას ქართველ-სომეხთა კავშირის იდეასთან ერთად განიხილავდა. ამ მიზნით მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა თავდაპირველად თეიმურაზ II-სთან, შემდეგ კი – ერეკლე II-სთან.

ლაზარობა, სასურველი ამინდის სავედრებელი წეს-ჩვეულება, რ-იც სხვადასხვა სახით გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ძლიერი გვალვის ან წვიმების დროს ქალები თიხისაგან ამზადებდნენ თოჯინას, დაატარებდნენ სოფელ-სოფელ და მღეროდნენ ლაზარეს საგალობელს. დამხვდურები ჩამომვლელებს წყალს შეასხამდნენ ან ნაცარს შეაყრიდნენ, იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდის გამოთხოვა უნდოდათ. ჩამოვლისას ისინი აგროვებდნენ სანოვაგეს (პური, ფქვილი, კაკალი, ზოგჯერ – ფული), შემდეგ თოჯინას წყალში გადააგდებდნენ და საერთო „საღმრთო“ სუფრას გამართავდნენ. კახეთში, ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში თოჯინას „გონჯას“ ხან კი „გვალვის პატარძალს“ ეძახდნენ, თუშეთში – „საწვიმარა გუგას“, მესხეთ-ჯავახეთში – „კოტიკოტიას“, სამეგრელოში – „ძიძი-კვაკვას“, „ძივოუს“, ზოგან თოჯინის მაგივრად გამურულ ბიჭს ან ქალწულს ჩამოატარებდნენ. ლაზარეს საგალობლის ტექსტებში ღვთაება მხოლოდ მამრობითია, თუმცა თოჯინა, ისევე როგორც მისი როლის შემსრულებელი, ქალიც იყო და მამაკაციც. ღვთაების ბუნება სინკრეტულია. ლაზარე, გარდა ამინდისა, არის ნაყოფიერების განმგებელიც. საგალობელთა ტექსტებში ლაზარესთან ერთად მოიხსენიება ელია და ბარბარე.

ამინდის გამოთხოვის რიტუალი ძვ. მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაში გვხვდება. ამავე დროს, ლ-ში შემორჩენილია ძვ. აგრ. ღვთაების კულტმსახურების ელემენტები, რ-თა ანალოგიური ფაქტები მრავლადაა დამოწმებული ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების ძვ. კულტურებში. სახელწ. „ლაზარე“ ქრისტიანულია და მოგვიანებით დამკვიდრდა ქართ. ზეპირსიტყვიერებაში. ცნობილია ივ. ჯავახიშვილის, ქ. სიხარულიძის, ჯ. ნოღაიდელისა და სხვათა მიერ ჩაწერილი პოეტური ტექსტები, რ-ებიც ლ-ის დროს სრულდებოდა: „ლაზარე – წვიმის მომყვანი“, „ლაზარე – დარის მომცემი“, „ლაზარე“ და სხვ.

ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; ბარდაველიძე ვ., გონჯაობა, ლაზარობა. ძველი ქართული წეს-ჩვეულება, თბ., 2013; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1960–65; Бардавелидзе В. В., Древнейшие-религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.

ი. სურგულაძე