ლაზები, ჭანები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ერთ-ერთი ქართველური ტომი. დღეისათვის კომპაქტურად სახლობენ შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფ. სარფში და თურქეთის სხვადასხვა რეგიონში – ართვინის გუბერნიის (ილი) ხოფის, არქაბის, ნაწილობრივ ბორჩხის რ-ნებში (ილჩე) და რიზეს გუბერნიის ფინდიქლის (ვიწე), ართაშენის (არტაგაშენი), ჩამლიჰემშინისა და ფაზარის (ათინა) ილჩეებში. მრავალი მათგანი ცხოვრობს თურქეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. მათი საერთო რაოდენობა თურქეთში სავარაუდოდ არის არანაკლებ 2-3 მლნ. კაცისა.
ლ-ის ცალკეული ოჯახები გაბნეულია დას. საქართველოს ზოგ რეგიონში (აჭარა, აფხაზეთი, გურია და სამეგრელო), მეტყველებენ ქართველური ენის ზანურ ენათა ჯგუფის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლ. მუსლიმები არიან, საქართველოში მცხოვრები კი – ძირითადად მართლმადიდებლები.
ლაზეთში საეკლესიო და სახელმწ. ენა იყო ბერძნული, ხოლო ლაზური – ყოველდღიური. თურქების გაბატონების შემდეგ სახელმწ. ენად იქცა ოსმალური თურქული, საეკლესიო ენად კი ბერძნული დარჩა, ამიტომ ლაზური ენა მალვე გამოვიდა ხმარებიდან. დაიწყო ლ-ის ისლამიზაცია და გათურქება. ლ-ის ის ნაწილი, რ-მაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობა, თანდათანობით გაბერძენდა. ჩამოყალიბდა ეთნორელიგიური ჯგუფები: ლაზო-ბერძნების, ლაზო-თურქების და ლაზო-სომხების (ხემშინების) სახით. მათ შემოიღეს ე. წ. ლაზურ-ბერძნული (Ποντιακι λαζικι γλοσσα), ლაზურ- თურქული (Laz türkçesi) და ლაზურ-სომხური ენები, რ-ებიც ინარჩუნებენ ქართველური ენებისათვის დამახასიათებელ ფონეტიკურ და სხვა გრამატიკულ ნიშნებს. მათ ენებში უამრავია ლაზურ-ქართული სიტყვებიც. ლაზური ენა დარჩა მხოლოდ აღმ. ლაზეთში, სადაც ლ-ის რაოდენობა დაახლ. 200 ათას კაცს შეადგენს.
ლ. მეურნეობის ყველა დარგს მისდევდნენ, მაგრამ განსაკუთრებული წვლილი მაინც ზღვაოსნობის, მეთევზეობის, რკინის მეტალურგიისა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში მიუძღვით. ლაზი ოსტატები მთელ საქართველოში იყვნენ ცნობილი როგორც ძველი ეკლესია-მონასტრების, ხის საცხოვრებელი სახლების, საფორტიფიკაციო და საგზაო ნაგებობათა (ქვის თაღიანი ხიდები) მშენებლები, ბერძნულიდან ქართულ ენაზე საეკლესიო ხასიათის ლიტერატურის მთარგმნელები. ზოგი მკვლევრის აზრით, ლაზეთიდან უნდა იყოს შემოტანილი სიმინდის კულტურა საქართველოში.
დღეისათვის სოფლად მცხოვრები ლ. მისდევენ მიწათმოქმედებას, მეჩაიეობას, შედარებით ნაკლებად – მესაქონლეობას, მოღვაწეობენ თურქეთის სახელმწ. სტრუქტურებში, არმიასა და ფლოტში, პოლიციაში. აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში – მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი, რელიგ. დაწესებულებები და სხვ.
ლიტ.: ბაწაში წ., ეთნო-რელიგიური პროცესები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თბ., 1988; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; Андриадзе Г., Неизвестная историческая Грузия (Христианский Лазистан), Тб., 2012, ISBH 978–9911-19776-5 (teqsti Zvel rusul enaze); Кавказский Календарь, Тфл., 1879.
წ. ბაწაში
რ. მალაყმაძე