ლაზთა (ეგრისელთა) ელჩობა ირანში

ლაზთა (ეგრისელთა) ელჩობა ირანში, შედგა შაჰ ხოსრო ანუშირვან I-ის (531–579) კარზე 541– 542. ირანში ლაზი მოციქულები მიავლინა ეგრისის (ლაზიკის) მეფე გუბაზ II-მ, რ-იც უკმაყოფილო იყო ბიზანტიის ხელისუფლების მიერ ეგრისის (ლაზიკის) სამეფოში გატარებული დამპყრობლური პოლიტიკით. ელჩობის მიზანი იყო ირანელთა სამხ. დახმარების მიღება. ლაზებმა ხოსრო ანუშირვანს ბიზანტიელებისაგან დაცვა და სამართლიანობის აღდგენა სთხოვეს. გუბაზის მოციქულებმა დაწვრილებით აღუწერეს შაჰს, თუ რა დამღუპველი შედეგები მოუტანა ლაზებს იუსტინიანე I-ის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ. ბიზანტიელთა მიერ დანიშნულმა სტრატეგოსმა ლაზების მთელი საგარეო ვაჭრობა ჩაიგდო ხელთ და მასზე მონოპოლია დაამყარა, რამაც ლაზები ძალზე დააზარალა. ელჩებმა ასე მიმართეს შაჰს: თუ ჩვენს „თხოვნას შეიწყნარებთ, სპარსელთა ძალას თქვენ შემატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით… თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენს“. ხოსრო ანუშირვან I-მა ლაზთა ელჩების თხოვნა დააკმაყოფილა, ირანელთა ჯარს თვითონ ჩაუდგა სათავეში და ელჩების მეგზურობით 542 ლაზიკაში შევიდა.

წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ.: ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 1, თბ., 1997