,,ლაზიკა“, ქვეითთა საბრძოლო მუხლუხებიანი მანქანა. შეიქმნა საქართვ. სახელმწ. სამხედრო სამეცნ.-ტექ. ცენტრ ,,დელტაში“ (2012). კონსტრუქცია გამოირჩევა დაცვის მაღალი დონით, აქვს ძლიერი ჯავშანკორპუსი და მრავალშრიანი ჯავშანფსკერი, რ-იც სამი ჯავშანშრისაგან შედგება და შეუძლია გაუძლოს 10 კგ ტროტილის აფეთქებას, რაც ნაღმების აფეთქებებისგან დაცვის საერთაშ. სტანდარტებს შეესაბამება. ლ-ის შუბლა ჯავშანიც კომბინირებულია და გათვლილია 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დასაცავად. კონსტრუქციულად გათვალისწინებულია ლ-ის ბორტებზე დამატებითი ჯავშანელემენტების დამაგრება, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მდგრადობას მსხვილკალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიების მიმართ. გარდა ამისა, ბორტებზე მონტაჟდება ბადისებრი ეკრანები, რ-ებიც ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტების ადრეულ დეტონაციას იწვევს, შედეგად კუმულაციური ჭავლი ლ-ის ჯავშანკორპუსამდე ვერ აღწევს და იფანტება. ლ-ის ძირითადი შეიარაღება დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულშია დამონტაჟებული. შესაბამისად, ეკიპაჟის წევრებს არ აწუხებთ გასროლისას წარმოქმნილი დენთის აირები. დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულში გაერთიანებულია 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხი და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი სატანკო ტყვიამფრქვევი. ჯავშანკორპუსის წინა ნაწილში დამონტაჟებულია რვა საკვამლე მორტირი, რ-ებიც „საკვამლე ფარდას“ ქმნის იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო გახდება მისი დამალვა. დისტანციურ საბრძოლო მოდულთან ერთად ლ. აღჭურვილია დღეღამური ხედვის სამიზნე მოწყობილობებითა და ხედვის კამერებით. ამ ვიდეოკამერებიდან მიღებული გამოსახულებები აისახება მძღოლ-მექანიკოსისა და მემიზნის მონიტორებზე.
ლ-ის ეკიპაჟი სამი მებრძოლისაგან შედგება: მძღოლ-მექანიკოსი, მეთაური და მემიზნე-ოპერატორი. დესანტში კი შვიდი მებრძოლი შედის, რ-ებიც ორივე ბორტის გასწვრივ სხედან. მათი გადმოსხმა უკანა, გადმოსაშლელი რამპის მხრიდან ხდება. თუკი რაიმე მიზეზის გამო რამპა არ გაიღო, მასში ჩამონტაჟებულია ავარიული კარიც. ლ-ს მუხლუხებიანი სავალი ნაწილი აღჭურვილია ტორსიონული დაკიდების სისტემით, რაც 15-ტონიანი ჯავშანმანქანის უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებას შედარებით არბილებს. თითოეულ ბორტზე ხუთი საყრდენი ბორბალია, მუხლუხებზე კი რეზინის ბუნიკებია დამაგრებული, რომლებიც გზის ასფალტის საფარს არ აზიანებს.
ი. ალადაშვილი