ლაზიკის ეპარქია

ლაზიკის ეპარქია, ფაზისის სამიტროპოლიტო, საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული დას. საქართველოში VI–IX სს. ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. აღნიშნული პერიოდის საეკლ. ორგანიზაციის შესასწავლად ძირითად წყაროდ იყენებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრათა ნუსხებს – ნოტიციებს. ეპარქია იუსტინიანე I-ის (527–565) იმპერატორობის პერიოდში უნდა დაარსებულიყო. 542–562 ირან-ბიზანტიის ომში გამარჯვების შემდეგ დას. საქართველოში სტაბილურობის პოლიტ. გარანტიების უზრუნველყოფასთან ერთად საჭირო გახდა რეგიონის კონსტანტინოპოლის გავლენის სფეროში ჩართვის მყარი იდეოლოგიური და კულტ.-რელიგ. საფუძვლების შექმნა. ლაზიკის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ იუსტინიანეს დროს დაარსებულ 8 სამიტროპოლიტო კათედრას შორის ნოტიციებში ფაზისი მეორე ადგილზეა იუსტინიანოპოლისის (მოგვიანო მოკისოსი) შემდეგ. ლ. ე-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონში ბიზანტიური გავლენის განმტკიცების საქმეში. ეპარქიის ხელმძღვანელი – ფაზისის მიტროპოლიტი ერთგვარი „შუამავალი“ იყო ლაზიკასა და კონსტანტინოპოლს შორის. როდესაც დას. საქართველოში მეფობა გაუქმდა და ადგილობრივ ხელისუფლებას პატრიკიოსები წარმოადგენდნენ, სავარაუდოდ ლაზიკის სამიტროპოლიტოს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, საეპისკოპოსოთა სიმრავლის გამო, საქართვ. ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობისგან ერთგვარად განსხვავებული მოდელი არსებობდა: ეპარქიებს სათავეში მიტროპოლიტი ან არქიეპისკოპოსი ედგა. მოზრდილი ეპარქიები (სამიტროპოლიტოები) უფრო წვრილ ერთეულებად – საეპისკოპოსოებად იყოფოდა. ლ. ე-ის ცენტრი ფაზისის სამიტროპოლიტო კათედრა იყო და ოთხ საეპისკოპოსოს აერთიანებდა [როდოპოლისი (ვარდციხე), საისი/საისენე (ცაიში), პეტრა (ციხისძირი), ზიგანევი (ძიღანევი/გუდაევა)] და მოიცავდა დას. საქართველოს (ისტ. ეგრისის სამეფოს) უმეტეს ნაწილს (ეგრისი, გურია, არგვეთი, თაკვერი, სვანეთი). იმპერიის სამიტროპოლიტო კათედრათა შორის ფაზისს ტრადიციულად 27-ე ადგილი ეკავა (III ნოტიციით –
33-ე).

ლ. ე-ის ჩრდ.-დას-ით არსებობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული კიდევ ორი ეპარქია – აბაზგიისა (აფხაზეთის) და ზეკხიის (ჯიქეთის), ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო კათედრებით სებასტოპოლისსა და ნიკოფსში. ამათგან, სავარაუდოდ, თავდაპირველად ლ. ე-ში შედიოდა სებასტოპოლისის (ცხუმი; დაარსდა 542–548) საეპისკოპოსო. საარქიეპისკოპოსო რანგში აყვანამდე (VII ს. 30-იანი წლები). სებასტოპოლისის საეპისკოპოსოსა და ფაზისის სამიტროპოლიტოს შექმნა ერთდროულად (ან თითქმის ერთდროული) მოხდა. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი უძველესი I ნოტიცია ჰერაკლე კეისრის დროინდელია, სებასტოპოლისის კათედრის ფაზისის სამიტროპოლიტოს სისტემაში ყოფნის პერიოდი დოკუმენტურად არ დაფიქსირებულა.

ლ. ე-ის იერარქები მონაწილეობდნენ მსოფლიო საეკლ. კრებებში. VI კრების (680–681) აქტებში იხსენიება თეოდორე, „უღირსი ეპისკოპოსი ფაზისის, ლაზიკის პროვინციისა“. 691–692 კონსტანტინოპოლში შემდგარ V და VI მსოფლიო „ტრულის კრებას“ ესწრებოდნენ ფაზისის მიტროპოლიტი თეოდორე, პეტრას ეპისკოპოსი იოანე და ძიღანევის ეპისკოპოსი ფაუსტინუსი; ნიკეის VII მსოფლიო კრებას (787) კი – ფაზისის მიტროპოლიტი ქრისტეფორე, რ-იც ტრაპიზონის ეპისკოპოსადაც იხსენიება.

აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) პოლიტ. დამოუკიდებლობას მყისიერად არ მოჰყვა ბიზანტიური საეკლ.-ადმინ. მოწყობის შეცვლა. რეგიონის კათედრები ერთი საუკუნის განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში დარჩა. IV–V (869 ახლო ხანები) და VI ს. (879 ახლო პერიოდი) ნოტიციებში კვლავ გვხვდება ლ. ე. (ფაზისის სამიტროპოლიტო) და დას. საქართველოს სხვა ცენტრები. 901–907 დათარიღებულ VII ნოტიციაში ისინი აღარ იხსენიება, რაც IX ს. 80–90-იან წლებში აფხაზეთის საკათალიკოსოს (ცენტრით ბიჭვინთაში) დაარსებით უნდა აიხსნას. ახალი, დამოუკიდებელი, დასავლურ-ქართული საეკლ. ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ლ. ე-ის გაუქმება უნდა მოჰყოლოდა. ცალკეული კათედრები (ფოთი/ფაზისი, ცხუმი, ცაიში და სხვ.) უშუალოდ დაექვემდებარა აფხაზეთის კათოლიკოსს. X ს-იდან გეგმაზომიერად მიმდინარეობს ამ საეპისკოპოსოების ახალი კათედრებით შეცვლის პოლიტიკა. ეტაპობრივად გაუქმდა ყოფილი ლაზიკის, აბაზგიისა და ჯიქეთის ეპარქიათა საეკლ. ცენტრები და შეიქმნა ალტერნატიული კათედრები: ჭყონდიდი, მოქვი, დრანდა, ბედია, ქუთაისი, ცაგერი. ერთადერთი გამონაკლისი იყო ცაიშის საეპისკოპოსო, რ-იც არ გაუქმებულა.

ლ. ე-ს სამხრ.-დას-იდან პოლემონის პონტოს ეპარქია ესაზღვრებოდა (სამიტროპოლიტო ცენტრი – ნეოკესარია), რ-ის შემადგენლობაში შედიოდა ტრაპიზონისა და რიზეს საეპისკოპოსოები. 787 შემდგომი პერიოდიდან IX ს. 30-იან წლებამდე რიზეს საეპისკოპოსო ლ. ე-ის შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლო ადგილზეა ოთხი ტრადიციული საეპისკოპოსო კათედრის შემდგომ. 787 ტრაპიზონისა და ფაზისის კათედრები ერთი პირის ხელშია; ეს დროებითი მოვლენები სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთის ერთი ნაწილის, აფხაზეთის სამთავროს ფარგლებში მოქცევას უნდა უკავშირდებოდეს. კონსტანტინოპოლისგან დამოუკი-დებელი აფხაზთა სამეფოსა და მოგვიანებით აფხაზეთის საკათოლიკოსოს წარმოქმნის პარალელურად თანდათანობით დაწინაურდა ტრაპიზონის კათედრა: ის თავდაპირველად საარქიეპისკოპოსო, შემდეგ კი სამიტროპოლიტო გახდა. VII ნოტიციაში დეფინიციით „ტრაპიზონი ლაზიკისა“ ფაზისის ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ლაზიკის ეპარქია“ სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთის საეკლ.-ადმინ. ერთეულის (ცენტრით ტრაპიზონი) სახელწოდებად გამოიყენება.

წყარო: Notitiae Episcopatuum Ecclesiae Constantinopolitanae, Texte critique, introduction et notes par Jean Darrouzès, A. A. Institut Français d’Études Byzantines, P., 1981.

ლიტ.: კუდავა ბ., კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები (IX ს.), „ისტორიანი“, თბ., 2000; მისივე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში (VI–IX სს.), თბ., 2002.

ბ. კუდავა