ლაზიშვილი ლევან ალექსანდრეს ძე (27. II. 1926, ქობულეთი, – 18. VIII. 2008, ბათუმი), ტექნოლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (2002), სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1995). დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ტექნოლოგიის ფაკ-ტი ჩაის ტექნოლოგის სპეციალობით (1948). ასპირანტურის დასრულების შემდეგ (1953) მუშაობდა ჩაის მრეწვ. საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1962-იდან – საქართვ. კვების მრეწვ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ბათუმის ფილიალის დირექტორად, 1974–76 – ჩაის ფაბრიკების საწარმოო გაერთიანების გენ. დირექტორად. 1981-იდან იყო სუბტროპ. ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში.
ლ-მა შეისწავლა ჩაის უხეში ფოთლის ქიმ. თვისებები და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; შეიმუშავა სრულიად ახალი კომპლექსური ტექნოლოგია როგორც მწვანე, ისე შავი ჩაისათვის.
თანაავტორებთან ერთად დაამუშავა ციტრუსოვანთა წვენების წარმოების ნარჩენებისგან ვიტამინ P-ს პრეპარატის მიღების ტექნოლოგია, რ-ის საფუძველზე აღნიშნული პრეპარატის საწარმოებლად შეიქმნა სპეციალიზებული საამქრო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქ-ნაში.
მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მინიჭებული ჰქონდა აჭარის დამს. ინჟინრისა და გამომგონებლის საპატიო წოდებები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თხზ.: მწვანე აგურა ჩაის ბიოქიმია და ტექნოლოგია, „საბჭოთა აჭარა“, ბათუმი, 1979.