ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ

ლაიბნიცი (Laibniz) გოტფრიდ ვილჰელმ (1. VIII. 1646, ლაიფციგი, – 14. XI. 1716, ჰანოვერი), გერმანელი მეცნიერი (ფილოსოფია, ლოგიკა, მათემატიკა, სამართალი, ფიზიკა, ისტორია, თეოლოგია, ენის თეორია, ენის ფილოსოფია და სხვ.). ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე (1666) ლ-მა გამოაქვეყნა „თხზულება კომბინატორიკის ხელოვნების შესახებ“, რ-შიც მისი (ლოგიკური მეცნიერული) გამოკვლევების ფორმალური საფუძვლებია მოცემული.

1672-მდე ლ. მაინცის მთავრის კარზე მსახურობდა, 1676-მდე დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა პარიზში, 1676 ლ. ჰანოვერის ჰერცოგის კარის ბიბლიოთეკარი და მრჩეველი გახდა. 1691-იდან მასვე დაევალა ვოლფენბიუტელის ცნობილი ბ-კის ხელმძღვანელობა; 1705 ლ-მა დაასრულა ნაშრომი „ახალი ესეები“ „ახალი გამოკვლევები ადამიანური გონების შესახებ“), რ-შიც მან ჯ. ლოკის გენეტიკური შემეცნების თეორია გააკრიტიკა (წიგნი გამოქვეყნდა 1765). 1710 ლ-მა თხზულება „თეოდიცეა“ დაასრულა ბერლინში, სადაც იმყოფებოდა პრუსიის მეცნ. აკადემიის დასაფუძნებლად და პირველი პრეზიდენტიც გახდა. ვენაში ლ-მა შექმნა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მონადოლოგია“ (1714), რ-შიც მისი ორიგინალური ფილოს. მსოფლმხედველობა მკაფიოდაა გადმოცემული.

მისმა აზროვნებამ დიდი გავლენა იქონია ქ. ვოლფზე, რ-მაც ლ-ის იდეების ახლებური სისტემატიზაცია და პოპულარიზაცია დაისახა მიზნად.

ლ-ის მეტაფიზიკური კონცეფცია საყურადღებო აღმოჩნდა ქართ. ფილოსოფიის საღვთისმეტყველო ფრთის მიმდევართათვის (ანტონ ბაგრატიონი, იონა ხელაშვილი და სხვ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ი. ხელაშვილის კომენტარები ლაიბნიც-კლარკის მიმოწერაზე. ეს მიმოწერა 1823 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ილია ბაგრატიონმა (1790- 1854), მაგრამ ქართული თარგმანი სრული არ არის, რადგან ის ამ მიმოწერის მხოლოდ ერთი ვრცელი ნაწილის თარგმანს მოიცავს. ი. ხელაშვილის აღნიშნული კომენტარები ნათლად წარმოაჩენს ამ ავტორის ფილოს. და თეოლოგიური მსოფლმხედველობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს და ადასტურებს მის საგანგებო ინტერესს ლ-ის აზროვნების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ღმერთის ცნებასთან მიმართებით იგი აკრიტიკებდა როგორც ლ-ის, ისე კლარკის შეხედულებებს. ი. ხელაშვილის აზრით, უმაღლესი არსების სრულყოფილი შემეცნება იმ დისციპლინის მეშვეობით, რ-იც სხეულთა ზომას თვლის, ვერ მოხერხდება, რადგან „მაღალი სიბრძნე“ არ არის მათემატიკური შემეცნების საგანი. არათუ მათემატიკის მეშვეობით, არამედ თვით ლ-ის მეტაფიზიკის მეშვეობითაც კი ვერ ხერხდება ღმერთისა და სხვა უმაღლესი არსებების შემეცნება.

ი. ხელაშვილი ლ-ისა და კლარკის დავა-კამათში ცალსახად არცერთი მოაზროვნის პოზიციას არ ეთანხმება და მათ აკრიტიკებს. მას ღმერთის შესამეცნებლად არც ახალი დროის მათემატიკის მეთოდები (ნიუტონი/კლარკი) მოსწონს და არც რაციონალისტური მეტაფიზიკის (ლაიბნიცი) მეთოდოლოგია. ი. ხელაშვილი უპირატესობას ანიჭებს ქრისტიანული მეტაფიზიკის ძველ ტრადიციას და თავის მოძღვრებაში ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების დიდი ავტორიტეტის, იოანე დამასკელის (675–749) ნააზრევს ეყრდნობა.

ალეთეოლოგიური მოძღვრების კონტექსტში ლ-ის აზროვნების სხვადასხვა ასპექტს საინტერესოდ განიხილავდა შ. ნუცუბიძე და მართებულად შენიშნავდა, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ყველა დიდი ფილოსოფოსი შეეჭიდა, თუმცა, ლ-ის წვლილი განსაკუთრებულია.

XX ს. ქართ. ფილოს. ისტორიოგრაფიაში ლ-ის შემოქმედებას საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ: შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, დ. უზნაძე, მ. გოგიბერიძე, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ა. ბოჭორიშვილი, გ. თევზაძე და სხვ. ლ. მჭედლიშვილმა ლ-ის ლოგიკის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის საყურადღებო ანალიზი შემოგვთავაზა. ლ-ის მეტაფიზიკასა და ენის ფილოსოფიას ვრცელი მონოგრაფია მიუძღვნა მ. ბიჭაშვილმა, რ-იც დღემდე ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან გამოკვლევას წარმოადგენს ლ-ის ფილოს. ნააზრევის შესახებ.

თხზ.: მონადოლოგია, თარგმნა და შენიშვნები გაუკეთა ს. დანელიამ, თბ., 1940.

ლიტ.: ბიჭაშვილი მ., ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, თბ., 2005; ირემაძე თ., ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2020.

თ. ირემაძე