ლაიელი (Lyall) რობერტ (1790, პეისლი, შოტლანდია, – 23. V. 1831, პორტ-ლუისი, კუნძული წმ. მავრიკი), ბოტანიკოსი და მოგზაური. 1822 იმოგზაურა რუსეთში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში დაათვალიერა მუხროვანი, გომბორი, თელავი, ყვარელი, გრემი, ალვანი, ალავერდი. გზის ნაწილი განვლო ა. გრიბოედოვთან ერთად. აღწერა თბილისი, მუხროვანი, თელავი და სხვ. გეოგრ. პუნქტები, საქართვ. სამხ. გზა. გვაწვდის ცნობებს ქართველებზე, ოსებზე, ჩერქეზებზე და სხვ. ლ-ს ეკუთვნის აგრეთვე ვრცელი ისტ. ექსკურსები (ა. ერმოლოვის 1817 მისია ირანში; ისტ. ნარკვევი საქართველოზე). მის წიგნში ჩართულია შემდეგი ილუსტრაციები: დარიალის ციხე და ხიდი თერგზე, რომაული ხიდი მტკვარზე, თბილისი, თბილისის ციხე, გრემი (ციხე და ეკლესია), თელავი, ანანური, გამაგრებული სოფელი ყაზბეგთან.
თხზ.: Travels in Russia, the Crimea, the Caucasus and Georgia, t. 1–2, L., 1825.
ლიტ.: გელაშვილი გ., ინგლისელი მოგზაური რობერტ ლაიელი თბილისის შესახებ, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 15(2), 2014, №15; Полиевктов М. А., Европейские путешествиники по Кавказу, 1800–1830 гг., Тб., 1946.
ც. ყიფიანი