ლაითური

ლაითური, დაბა (1953-იდან) გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ-ებს – ჩოლოქსა და ნატანებს შორის. ზ. დ. 80 მ, ოზურგეთიდან 14 კმ, მერიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ . 2697 მცხ. (2014).

ლ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 13,6 °C, იანვ. 4,9 °C, ივლ. 21,7 °C; აბსოლ. მინ. – 16 °C, აბსოლ. მაქს. 40 °C. ნალექები – 2330 მმ წელიწადში.

ლ-ის სახელი მომდინარეობს გვარსახელისაგან ლაითაძე. სახელწოდება ახალია, ძველი კი – უცნობი.

ლ-ის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში ცხოვრობდა. მას შემდეგ იქ ცხოვრება გარკვეული ინტერვალებით გრძელდებოდა. გვიანდ. შუა საუკუნეებში მას აზნაური ლაითაძეები ფლობდნენ. ლ. ტყით იყო დაფარული. XX ს-ში ტყე „მწვანე ოქროს“ (ჩაის) პლანტაციებმა შეცვალა.

დ. ბერძენიშვილი