ლაილაში

ლაილაში, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდ-ების – ლაჯანურისა და ასკისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფი ქედის სამხრ.-დას. კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., თაბორი, სურმუში, ღუ). ზ. დ. 850 მ, ცაგერიდან 18 კმ. 262 მცხ. (2014).

ლ. წერილობით წყაროებში XVIII ს. II ნახ-იდანაა დამოწმებული. იგი ლეჩხუმიდან სვანეთსა და რაჭაში მიმავალ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ადრეფეოდალურ ხანაში ლ. იყო მცირე ქალაქის ტიპის დასახლება, სადაც ქართველების გვერდით ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

ლ-ში ნაპოვნია კაჟის ყუნწიანი ისრისპირი (1939), გვიანბრინჯაოს ხანის რამდენიმე განძი. სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ტიპის წმ. გიორგის ეკლესია, მახლობლად არის სამრეკლოც. ორივე XIX ს. დასაწყისით თარიღდება. გადმოცემით, იქვე მდებარეობდა უფრო ადრინდელი ეკლესია, რ-ის ნაშთიც დღეს აღარ არსებობს. სოფელში არის ამჟამად ძლიერ დაზიანებული დარბაზული ტიპის სომხური ეკლესია, ხოლო ე. წ. „ბაზარში“ – სინაგოგა. ეს სოფელი ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით (იხ. ლაილაშის ბიბლია).

თ. ბერაძე