ლაისტერი ალექსანდრე ფილიპეს ძე [4 (17). IV. 1884, სოფ. ახტა, ერევნის გუბ., სომხეთი, – 1. II . 1941, თბილისი], რუსი გეოგრაფი, კავკასიის მკვლევარი, პროფესორი (1932). 1907 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი. 1913‒29 – რუს. საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბის (1924-იდან – საქართვ. გეოგრ. საზ-ბა) სწავლული მდივანი და მისი პერიოდული გამოცემების რედაქტორი.
1923-იდან მოღვაწეობდა თბილისში. იყო საშ. სკოლის გეოგრ. მასწავლებელი, კითხულობდა ლექციებს ამიერკავკ. კომუნისტურ უნ-ტში. 1937- იდან იყო თსუ-ის ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორი, 1939–41 – ამავე კათედრის გამგე. ლ. ხელმძღვანელობდა „ამიერკავკასიის გეოგრაფიული ლექსიკონის“ შედგენას. აღსანიშნავია მისი კვლევები კავკ. ფიზიკური გეოგრაფიის დარგში. ნაშრომები ჰქონდა აგრეთვე ზოოლოგიაში, ჰიდროლოგიაში, ეთნოგრაფიასა და ალპინიზმის ისტორიაში. 1908- იდან ამ საკითხებზე ლ-მა არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა სხვადასხვა ჟურნალსა და კრებულში.
თხზ.: География Кавказа, Тфл., 1924; География Закавказья, Тфл., 1929 (თანაავტ. Г. Ф. Чурсин).
ლიტ.: მარუაშვილი ლ., კავკასიის თვალსაჩინო გეოგრაფოსი (ალექსანდრე ფილიპეს ძე ლაისტერის დაბადებიდან მე-100 წლისთავზე), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტ. 27, თბ., 1988; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ავტორ-შემდგენლები: კ. ხარაძე, შ. ჯავახიშვილი, თბ., 2003.
ლ. მარუაშვილი