ლაკათხევი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის თემი), მთიულეთის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ლაკათხევის (მთიულეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 1800 მ, დუშეთიდან 62 კმ. 13 მცხ. (2014).
სოფლის ტერიტორიაზე, მდ. ლაკათხევის ნაპირას, შემონახულია განვით. შუა საუკუნეების ხუთსართულიანი ზურგიანი კოშკი, რ-იც ისტ. ხადის სათავდაცვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. სოფლის მიდამოებშია ორი დარბაზული ეკლესია. ერთი კვირიას სახელობისაა (განვით. შუა საუკუნეები), მეორე ეკლესია ღვთისმშობლის სახელზეა აგებული და XVIII ს. თარიღდება.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.