ლაკერბაი მიხეილ ალექსანდრეს ძე

ლაკერბაი მიხეილ ალექსანდრეს ძე [6(19). I. 1901, სოფ. მერხეული, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1965, მოსკოვი], აფხაზი მწერალი, დრამატურგი. აფხ. ასსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). მისი თხზულებები 1919-იდან იბეჭდებოდა. 1921–25 იყო აფხ. გაზეთ „აფსნი ყაფშის“ თანარედაქტორი. XX ს. 30-იანი წლებიდან იღვწოდა აფხ. დრამატურგიის განვითარებისათვის (პიესები: „გეჩების შთამომავალი“, 1939; „აბიდა“, 1940; „დანაყაი“, 1946–47; „საუცხოო შენადნობი“, 1955 და სხვ.). მასვე ეკუთვნის ნარკვევები, კინოსცენარები და ლიბრეტოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა სხარტმა, იუმორითა და ეროვნ. კოლორიტით აღსავსე ნოველებმა (კრებულები: „აფხაზური ნოველები“, 1957; „ნამუსი“, 1961 და სხვ.), რ-ებშიც ასახულია აფხაზი ხალხის წარსული და აწმყო.

თხზ.: აფხაზური თეატრის ისტორიიდან, თბ., 1957; აფხაზური ნოველები, თბ., 1960; ალამისის სიმღერა, თბ., 1965; ბზის ჯოხი, თბ., 1968; დავა, სიძეები, ნოველები, თბ., 2019.

ლიტ.: მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 2, თბ., 2013; ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, გამოც. მე-2, თბ., 1958