ლაკლაკი

ლაკლაკი, თეთრი ყარყატი (Ciconia ciconia). ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძეა 100–125 სმ, ფრთების შლილი – 155–200 სმ, მასა – 4–5 კგ. მთელი სხეული შეფერილია თეთრად, მომქნევი ბუმბულები კი – შავად. ზრდასრულს ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს, თვალის გარშემო და ნიკაპის შიშველი ადგილები შავია, კისერი – გრძელი და მოქნილი, ნისკარტი – სწორი და მახვილი, ფეხები – გრძელი. დედალი მამალზე პატარაა, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა. გავრცელებულია შვედეთის სამხრ. ზღვისპირეთსა და დანარჩენ ევროპაში (ბრიტანეთის, ისლანდიისა და სკანდინავიის გარდა), ჩრდ.-დას. აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასიასა და შუა აზიის ცენტრ. ნაწილში. ზამთრობს აფრიკაში (საჰარის უდაბნოს სამხრ-ით), ინდოეთსა და არაბეთის ნ.-კ-ის უკიდურეს სამხრ.-აღმ-ში.

საქართველოში ბუდობს ჯავახეთში, გომარეთის პლატოზე, წალკის ქვაბულში, ბოლო დროს შეიმჩნევა ახალი ბუდობების გაჩენა გარდაბნის, თეთრი წყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ბუდეები განლაგებულია ზ. დ. 270–2400 მ-ზე. მიგრირებს საკმაოდ მაღლა ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე. ბინადრობს ტბების, მდინარეების, ჭაობებისა და ტენიანი მდელოების გარშემო, ხშირად – ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკეთებს დიდ ბუდეს (სიმაღლე – 2 მ,  დიამეტრი დაახლ. 0,8–1,5 მ, მასა 250 კგ-მდე) მაღალ ხეებზე, შენობათა სახურავებზე, ბოძებზე, ზოგჯერ – კლდეზე. ცალკეულმა ბუდეებმა შეიძლება რამდენიმე ათეული წელიწადი გაძლოს. ლ. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, უხერხემლოებით, თევზებით, მღრღნელებით, ფრინველთა კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. აპრილში დებს 2–6 თეთრ კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი.

ა. ბუხნიკაშვილი