გურჯიევი გიორგი ივანეს ძე [1. I. 1872, ალექსანდროპოლი (ახლანდ. გიუმრი), სომხეთი, – 29. X. 1949, პარიზი], თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ- ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. წარმოშობით ბერძენი. ბავშვობა გაატარა ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში. შეისწავლა ქართ. ენა. საქართველოდან სრულიად ახალგაზრდა გაემგზავრა აზიისა და აფრ. ქვეყნებში, ხანგრძლივად ცხოვრობდა ტიბეტში. გადმოცემით, ტიბეტ-ინგლ. ომის წლებში (XX ს. დასაწყისი) იყო დალაი-ლამას მრჩეველი. დაეუფლა იოგების მოძღვრებას, ოკულტიზმსა და სპირიტიზმს. 1913 გ-მა მოსკოვსა და პეტერბურგში შემოიკრიბა მოსწავლეთა და თანამოაზრეთა დიდი ჯგუფი. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ესენტუკში, თბილისში, სტამბოლსა და პარიზში. 1919 გ-მა თბილისში გახსნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მას გამოუყო ორსართულიანი შენობა (ნიკოლოზის ქ. №22, ახლანდ ი. ჯავახიშვილის ქ.), სადაც გ. ატარებდა საჯარო ლექციებს თავისი მოძღვრების იმ ძირითად საკითხებზე, რ-ებიც მაშინ გამოქვეყნებული არ ჰქონდა. თბილისში გ. დაუახლოვდა ქართვ. ინტელიგენციას, კერძოდ, გ. რობაქიძეს, თანამშრომლობდა კომპოზიტორ თომას ჰარტმანთან, მხატვარ ალექსანდრე ზალცმანთან; ჟაკ დალკროზის სისტემის თბილისის რიტმული ტანვარჯიშის სკოლის დამაარსებელ ჟანა მატინიონზალცმანთან. 1822-იდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავდაპირველად პარიზის მახლობლად (ფონტენბლო), ხოლო 1933-იდან კი – პარიზში. აქ შეიქმნა გ-ის „ყველა და ყველაფერი (ანუ ბელზებელის საუბარი თავის შვილიშვილთან)" და სხვა თხზულებები, რ-ებსაც ავტორის გარდაცვალების შემდეგ აქვეყნებდნენ მისი მოწაფეები. გ-ის მოძღვრების თანახმად, ადამიანი არასრულქმნილი იბადება, მისი ცნობიერება მთვლემარე მდგომარეობაშია, რის გამოც ინსტინქტები სჭარბობს ცნობიერ ქცევებს. საჭიროა ჩვენი ნამდვილი „მე"-ს აღმოჩენა, არაცნობიერი ქცევის აღკვეთა და ცნობიერების სრული ამოქმედება. ამ პროცესს იგი ადამიანის ევოლუციას უწოდებს და სულის უკვდავყოფის გზად სახავს. გ. თვლის, რომ ადამიანი თვითგანვითარებადი სისტემაა, რ-ის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია. გ-ს მოწაფეები და თაყვანისმცემლები უწოდებდნენ „კაცობრიობის სულიერი კულტურის განმაახლებელს", „დიდ მოგვს", "უდიდეს მოაზროვნეს", რ-იც იღვწოდა დასავლეთის კულტურის დეკადანსისა და დაღუპვისაგან გადასარჩენად. გ-ის ცხოვრება და შემოქმედება ფართოდ აისახა როგორც უცხოელი, ისე ქართველი ავტორების შრომებში (პ. უსპენსკი, კ. იორდანი, ო. და თ. ჰარტმანები, მ. კვესელავა, ს. ავალიანი, ლ. დადიანი, მ. ხომერიკი). გ-ის მოწაფეთაგან განსაკუთრებით საყურადღებო პიროვნებაა რუს. წარმომავლობის ინგლ. ფილოსოფოსი პ. დ. უსპენსკი (1878– 1942), რ-იც პლატონიზმისა და აღმოსავლური მისტიკურ-რელიგ. მოძღვრებების მიმდევრად ითვლება. თავის შრომებში იგი გადმოსცემს გ-ის მოძღვრების ძირითად იდეებს. 2007 თბილისში იტალიის საელჩოს ეგიდით ჩატარდა გ-სადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
თხზ.:All and Everything, L., 1950; Aus der wirklichen Welt, Basel, 1982; Das Leben ist nur dann wirklich, wenn "ich bin", Basel, 1984; ჭეშმარიტების სამყაროში, ნაწ. 1–3, თბ., 1996–2005.
ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი ს., გიორგი გურჯიევი, «განთიადი», 1975, №5; დ ა დ ი ა ნ ი ლ., გურჯიევი, იქვე, 1993, №7–12; 1996, №5–6; კ ვ ე ს ე ლ ა ვ ა მ., ვინ იყო გიორგი გურჯიევი?, «ლიტერატურული საქართველო », 1967, №18; ხ ო მ ე რ ი კ ი მ., წერილები, თბ., 2006; მ ი ს ი ვ ე, გიორგი გურჯიევის წარმოშობისა და საქართველოში მისი მოღვაწეობის შესახებ, «ანალები», 2007, №1; H a r t m a n n Th. De, Our life with Mr. Gurdjieff, N.Y., 1972; N i c o l l M., Psychological commentaries on the teaching of G. J. Gurdjieff and P. D. Ouspensky, v. 1–5, L., 1953– 56; W a l k e r K., A study of Gurdjieffs teaching, L., 1957.
ს. ავალიანი
ლ. დადიანი
მ. ხომერიკი