ლაკური ენა

ლაკური ენა, იბერიულ-კავკასიური ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ახალი სამწერლობო ენა. გავრცელებულია დაღესტნის ლაკის, კულისა და ნოვოლაქსკის რ-ნებში (ლაკებით დასახლებული ზოგი აული გვხვდება დაღ. სხვა რ-ნებშიც). ლ. ე-ში გამოიყოფა კილო-თქმები: ვიცხიური, ღუმუქური (რ-იც საფუძვლად უდევს სამწერლობო ლ. ე-ს), ვიხლიური, აშტიკულური, ბალხარული.

ლ. ე-ში გარჩეულია 3 ძირითადი ხმოვანი (ა, ი, უ); თანხმოვნები 41-ს აღწევს; თანხმოვანი საარტიკულაციო რაგვარობის მიხედვით შეიძლება იყოს მჟღერი, ფშვინვიერი, აბრუპტივი და ინტენსიური. ფონემური მნიშვნელობის ეს ოთხივე ვარიანტი გარჩეულია ხშულებში. აფრიკატებს არა აქვს მჟღერები, სპირანტებს – აბრუპტივები. ინტენს. და არაინტენს. თანხმოვანთა დაპირისპირება დასტურდება ხმოვნის წინ. სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი არ გვხვდება; თანხმოვანთა თავმოყრა (არა უმეტეს 2 თანხმოვნისა) დასაშვებია სიტყვის ბოლოს და ხმოვანთა შორის (არა უმეტეს 3 თანხმოვნისა).

გარჩეულია 4 გრამატიკული კლასი: I – მამაკაცთა, II – ქალთა, III – ცხოველთა და ნივთთა (ამავე კლასში შედის ქალის აღმნიშვნელი ზოგი სიტყვაც), IV – ნივთთა. ძირითადი ბრუნვებია: სახ. (უნიშნო), ნათ. (ნიშანი ლ), მიც. (ნიშანი ნ). ნათ. ბრუნვა, კუთვნილების გარდა, გამოხატავს გარდამავალი ზმნის სუბიექტსაც. წარმოდგენილია ადგილ. ბრუნვები. ბრუნვისას ხშირად ვლინდება „ჩანართი ელემენტები“, ზედსართავი სახელი იბრუნვის არსებითი სახელისგან დამოუკიდებლად. თვლის სისტემა ათობითია. ზმნის ძირითადი კატეგორიებია გრამატ. კლასი, პირი, რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი, გვარი არ გაირჩევა. ზმნა მდიდარია კილო-დროთა და სხვადასხვა მოდალური შინაარსის ორგ. თუ აღწერითი წარმოების ფორმებით; ზმნის უღლება კლასოვან-პიროვანია, გარდაუვალ ზმნაში აღინიშნება კლასიც და პირიც სუბიექტისა, გარდამავალში – კლასი ობიექტისა, პირი სუბიექტისა ან ზოგჯერ ობიექტისა; გარდაუვალი ზმნის სუბიექტი სახ. ბრუნვაშია, გარდამავალი ზმნა ქმნის კონსტრუქციას რეალური ობიექტით სახ. ბრუნვაში და რეალური სუბიექტით ნათ. ან სახ. ბრუნვაში (1–2 პირის ნაცვალსახელებში). გარდამავალი ზმნის რეალური სუბიექტის აღსანიშნავად ერგატივის გაურჩევლობა და მისი ფუნქციით ზემოაღნიშნული 2 ბრუნვის გამოყენება ლ. ე-ის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა.

ლიტ.: ბურჭულაძე გ., ზმნური სიტყვაწარმოება ლაკურ ენაში, თბ., 1993; მისივე, ლაკური ზმნა; დრო-კილოთა სისტემა, თბ., 1987; მისივე, პირის დაბოლოებათა წარმომავლობა ლაკურში, თბ., 2002; გიგინეიშვილი ბ., ლაკური ენის კონსონანტიზმის საკითხები, „თსუ შრომები“, 1963, ტ. 96; თოფურია ვ., ბრუნების სისტემისათვის ლაკურ ენაში, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1940, ტ. 10B ; მისივე, გრამატიკული კლასები და მათი ექსპონენტები ლაკურ ენაში, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 12; Жирков Л. И., Лакский язык, М., 1955; Муркелинский Г. Б., Грамматика лакского языка, Махачкала, 1971; მისივე, Русско-лакский словарь, Махачкала, 1953.

ი. ცერცვაძე