ლალიევი ალექსანდრე გრიგოლის ძე

ლალიევი ალექსანდრე გრიგოლის ძე [15(28). VI. 1912, თბილისი, – 7. XI. 1990, იქვე], გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1955), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). 1934 დაამთავრა ი. გუბკინის სახ. მოსკოვის ნავთობის ინ-ტი. 1932–34 მუშაობდა ნავთობის საკავშ. გეოლ.-საძიებო ინ-ტში (მოსკოვი), 1934–55 – „საქნავთობის“ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1947–50 – მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1947-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1955-იდან იყო სპი-ის ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების და ბურღვის კათედრის გამგე, 1973-იდან – საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის“ მთავარი გეოლოგი და გენ. დირექტორის მოადგილე.

ლ-ის შრომები ეხება საქართვ. კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიასა და ნავთობის გეოლოგიას. დიდი წვლილი შეიტანა პალეოგენური ნალექების შესწავლაში. აღმოაჩინა ჩორდის ბარიტის (1969) და სამგორის ნავთობის (1988) საბადოები.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Майкопская серия Грузии, М., 1966.