ლალიონი (ნამდვ. გვარი მამულაიშვილი) არსენ ანტონის ძე 12(24). I. 1866, სოფ. დვაბზუ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 17. IX. 1918, თბილისი), მწერალი, პედაგოგი. III დასის წევრი. დაწყებითი განათლება ოზურგეთის სასწავლებელში მიიღო. 1883–89 სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელში. 1889– 93 მუშაობდა აზერბაიჯანის ქ. შემახის სკოლის მასწავლებლად, 1893–97 კი ქ. ნახიჩევანში. 1897 დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1900, ი. გომელაურთან ერთად, დააარსა კერძო სკოლა-პანსიონი, რ-ის მიზანი იყო სკოლის ქართველი ბავშვებით დაკომპლექტება და ყველა საგნის ქართ. ენაზე სწავლება. 1903 სკოლა დახურეს. 1906 დაინიშნა თბილისში ვერის პირველი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
პირველი მოთხრობა „ფირალი დავლაძე“ 1895 გამოაქვეყნა ჟურნ. „მოამბეში“. ნიჭიერმა ბელეტრისტმა თავის ნაწარმოებებში ასახა გურულების ყოფა-ცხოვრება, აზნაურული წოდების დაქვეითება, 1905 რევოლუციის შემდგომი რეაქციის ხანის ქართ. სოფლის მძიმე ყოფა. ლ. ე. ნინოშვილის დემოკრ. სკოლის ტრადიციათა მიმდევარია. მხატვრული სრულყოფის თვალსაზრისით მის შემოქმედებაში გამოირჩევა მოთხრობები „რაქვიანა“ (1904) და „ბეჟუკას ხვედრი“ (1909). აღსანიშნავია მოთხრობები: „ეფემიას ოცნება“ (1901), „მშობლები“ (1902), „დამშვიდება“, „შემთხვევა“ (ორივე 1906) და სხვ.
ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: მოთხრობები, თბ., 1949.
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. პირველი, თბ., 1953; ცისკარიძე ვ., ლალიონის შემოქმედება, თსუ შრომები, 1956, №63.
ვ. ცისკარიძე