ლალოინი

ლალოინი (თურქ. ლალ – მუნჯი, ოინი – თამაში; უტყვი თამაში), ძველებური მესხურ-ჯავახური საწესო ცეკვა-თამაშობა. ლ-ის ეტიმოლოგია სავარაუდოდ, მოიაზრებს თამაშის წესს: ვაჟების ჯგუფს წკეპლით ხელში სათავეში ედგა ლალია – წინამძღოლი. იგი უხმოდ ასრულებდა სხვადასხვა მოქმედებას, რ-იც სხვებსაც ასევე უხმოდ უნდა გაემეორებინათ. თუ რომელიმე ამას ვერ შეძლებდა ან ხმას ამოიღებდა, ლალია მას წკეპლას უთავაზებდა. ბოლოს ლალია მაყურებლებიდან რომელიმე ბავშვს წამოიკიდებდა, ასევე იქცეოდნენ სხვა მოცეკვავეებიც. თამაშის დასასრულს ფერხულს უვლიდნენ. ლ. სრულდებოდა ყველიერის კვირას და ქორწილში. ცეკვამ შემოინახა ნაყოფიერებასთან, სიკვდილისა და აღდგომა-განახლების მითოლოგიურ ციკლთან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენების კვალი. მკვლევართა აზრით, ლ-ის ქართული სახელწოდება იყო „ძაღლური“ ან „გულთამაშა“. მსგავსი ტიპის საწესჩვეულებო ცეკვები მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ლ-ის თეატრალიზებული ვარიანტი „იდუმალას“ სახელწოდებით აღადგინა ქორეოგრაფმა გ. სალუქვაძემ.

ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2001; იველაშვილი თ., საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამცხე-ჯავახეთში (XIX ს. II ნახ.–XX ს.), თბ., 1987; სონღულაშვილი ჯ., ხალხური სიტყვიერების მასალები, ტ. 2, თბ., 1957.

გ. ჩინჩალაძე