„ლამაზი საყდარი“

„ლამაზი საყდარი“, ლიპარიტისუბანი, ღვთისმშობლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს დმანისის მუნიციპ-ში, მდ. ქციის ხეობაში (ქციისა და ყარაბულახისწყლის შეერთების მახლობლად). დგას სამხრეთისკენ მიმართული ციცაბო ფერდის ვიწრო ტერასაზე. შემორჩენილია მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია, ნასახლარი ეკლესიის აღმ-ით, გალავნისა და სხვა შენობის ნანგრევებით. თვით ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ე. თაყაიშვილმა მიიჩნია, რომ ეს არის ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებული ლიპარიტისუბანი („ქციაზედ არს ლიპარიტისუბანს მონასტერი მცირე, კეთილშენი“), რ-იც მის დროს უკვე მიტოვებული იყო. სამხრ-ის შესასვლელის თავზე გრძელ ასომთავრულ წარწერაში თამარი და მისი მეუღლე დავით სოსლანი ერთად იხსენიებიან, ამიტომ ეკლესიის აგების თარიღი 1187 (მათი დაქორწინების წელი) და 1205 (დავითის გარდაცვალების დაახლ. წელი) შორის ექცევა. „ლ. ს.“, რ-იც მას ხალხმა შეარქვა, ნაშენია კარგად თლილი ადგილობრივი ქვის კვადრებით. შენობა საგანგებოდ პროფილირებულ ცოკოლზე დგას. დარბაზული ტიპის ეკლესიის შიგა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-იც დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრით. განათების ძირითადი წყარო აღმოსავლეთის და სამხრეთის ორი სარკმელი იყო. მდიდრულად მორთული პორტალი ამშვენებდა სამხრეთ ფასადს. მინაშენები ეკლესიას უკავშირდება დას. და ჩრდ. კედლებში გაჭრილი კარით. ჩრდ. სათავსი აღმ-იდან განათებულია ერთი ვიწრო სარკმლით. სხვებთან შედარებით უკეთ შემორჩა აღმ. ფასადი. ძეგლს კარ-სარკმელი მორთული ჰქონდა დიდი ოსტატობით შესრულებული სხვადასხვა სახის ჩუქურთმით. ეკლესია შიგნით მოხატული ყოფილა.

ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014; Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.

თ. გერსამია