„ლამპრული“

„ლამპრული“, სვანური წრიული ფერხული. ცეკვის დროს ხელში ეჭირათ ანთებული არყის ხის კვარი. „ლ“. სათავეს იღებს ბუნების გამოღვიძების, მზის ცხოველმყოფელობის, „ნათლისა და ბნელის ბრძოლის“ საგაზაფხულო რიტუალებიდან, რ-იც შემდგომ ქრისტიანობას დაუკავშირდა და სინკრეტული ხასიათი მიიღო.

ცეკვა „ლ“ აღწერილია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ (XIV ს.); მას იანვრის ერთ-ერთ ორშაბათს ასრულებდნენ სამეფო კარზე ლაშქარ-ნადირობისთვის შეკრებილი პირები. სვანეთში „ლ“ ასევე სრულდებოდა მირქმის დღესასწაულის წინა საღამოს და გიორგობას. იგი საქართველოს ყველა კუთხეში იყო გავრცელებული.

ლიტ.: გელიაშვილი ე., ორნამენტული სიმბოლიკა ქართულ-ხალხურ ქორეოგრაფიაში, 2014; გვარამაძე ლ., ქართული საცეკვაო ფოლკლორი, თბ.,1997; ნიჟარაძე ბ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, თბ.,1962., (იხ. აგრეთვე სტ. ლამპრობა).