ლანდია ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე

ლანდია ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (26. I. 1919. ქუთაისი, – 25. II. 1984, თბილისი), ქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967); საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოს-მდივანი (1972–81), ვიცე-პრეზიდენტი (1981–84). 1940 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის (1990-იდან სტუ) ქიმ. ტექნ. ფაკ-ტი. 1941–45 მუშაობდა „საქკვებმრეწვპროექტის“ ინ-ტში ინჟინერ-ტექნოლოგად, შემდგომ – უფრ. ინჟინრად. 1945-იდან ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სპი-ში. 1960–72 იყო საქ. სსრ მეცნ. აკად. არაორგ. ქიმიისა და ელექტროქიმიის ინ-ტის დირექტორი.

ლ-ს პირველი სამეცნ. ნაშრომები (1945) ეხება მირაბილიტების გამოყენებას სოდის წარმოებისთვის და კალცინირებული და კაუსტიკური სოდის მიღების ახალი მეთოდის შემუშავებას. მომდევნო ნაშრომები ეძღვნება ქიმ. თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმ.-ტექნოლ. პროცესების შესწავლისას. მან დიდი ყურადღება დაუთმო ქიმ. ტექნოლოგიისათვის უმნიშვნელოვანეს ნაერთთა თერმული და თერმოდინამიკური თვისებების შესწავლას და შეიმუშავა მყარი არაორგანული ნივთიერებების მაღალტემპერატურული თბოტევადობის განსაზღვრის ენტროპიული მეთოდი, რ-მაც დიდი აღიარება მოიპოვა.

1959–60 ლ-ს თაოსნობით მეცნ. აკად. მეტალურგიისა და არაორგ. ქიმიის, აგრეთვე ელექტროქიმიის ინ-ტებში ჩამოყალიბდა თერმოდინამიკური და თერმოქიმიური კვლევების ლაბორატორიები, რ-ებიც ექსპერ. თერმოდინამიკის ძირითად კერად იქცა. 1960–72 ლ. ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. თერმოქიმიის ლაბორატორიას, სადაც მყარ ნივთიერებათა მაღალტემპერატურული თერმოდინამიკური მახასიათებლების შესასწავლად შექმნა ორიგინალური, პრეციზიული შერევის ტიპის მასიური ადიაბატური კალორიმეტრი, მთავარი კვანძების ავტომატური მართვით.

ლ-მ თავის მოწაფეებთან ერთად დაადგინა უმნიშვნელოვანესი მასალების თბოტევადობა და მათზე ფაზური გადასვლების გავლენა.

ლ-ს მეთოდი მთლიანად არის აღწერილი ცნობარში: «Термодинамические свойства неорганических веществ» (Атомиздат, 1965) და ჩართულია სხვადასხვა ავტორის მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში.

ლ. სამეცნ. მოღვაწეობის პარალელურად კითხულობდა სალექციო კურსს სპი-ში. იყო ქართული საბჭ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიისა და მრავალი სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის, საკავშ. მეცნ. აკად. თერმოქიმიისა და ქიმიური თერმოდინამიკის ნაციონალური საბჭოს წევრი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მყარი არაორგანული ნაერთების მაღალტემპერატურული თბოტევადობის ანგარიში სტანდარტული ენტროპიის მიხედვით, თბ., 1962; Автоматическое регулирование температуры оболочки высокотемпературного адиабатического калориметра смежения, „Теплофизика высоких температур“, 1965, т.3, №5; Исследование высокотемпературной энтальпии ферритов никеля и кобальта. „Известия АН СССР“. Неорганические материалы, 1966, т. 2, №11.

ლ. ნაკაიძე