ლანდია ქეთევან ალექსანდრეს ასული (29. III. 1914, თბილისი, – 17. V. 2001, იქვე), მსახიობი. საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტის დიქტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1940 დაამთავრა სპი. სტუდენტობიდანვე გამორჩეული დეკლამაციის ნიჭის წყალობით აღიარეს მხატვრული კითხვის ოსტატად. მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სპექტაკლებში. მისი მხატვრული მეტყველების პედაგოგი იყო ნ. შიუკაშვილი. 1932-იდან, დიქტორების კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 60 წლის განმავლობაში რადიომსმენელს მნიშვნელოვან ინფორმაციას გადასცემდა, აგრეთვე მონაწილეობდა ლიტ.-დრამ. და საბავშვო გადაცემებში. კითხულობდა ქართვ. კლასიკოსების, თანამედროვე მწერლებისა და პოეტების ლექსებსა და მოთხრობებს. დაჯილდოებულია მედლებით, მ. შ. ღირსების ორდენით (1995).