ლანდშაფტმცოდნეობა, ლანდშაფტოლოგია, გეოგრაფიული მეცნიერების მიმართულება, რომელიც სწავლობს ლანდშაფტის ფორმირების, გავრცელებისა და გამოყენების თავისებურებებს. ლანდშაფტი ბუნების კომპონენტების (რელიეფი, ჰავა, წყლები, ცოცხალი სამყარო და სხვ.) ურთიერთკავშირის და საზ. საქმიანობის შედეგად ფორმირებული ადგილია (ტერიტორია). მის სტრუქტურას და ფორმას განაპირობებს როგორც გეოგრაფიული ფაქტორები და კომპონენტები, ისე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმები და მასშტაბები.
ტერმინი ლანდშაფტი ფართოდაა გავრცელებული და ხშირად გამოიყენება როგორც მეცნიერთა ისე საზოგადოების მიერ. ლანდშაფტი გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ბიოლოგიის, არქიტექტურის, რეგიონული და ურბანული დაგეგმარების, კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, სამხედრო საქმისა და არაერთი სხვა სამეცნ. დარგის კვლევის ობიექტია.
ლანდშაფტის სინონიმებია პეიზაჟი, ხედი, ხედვის არეალი, ადგილი, ტერიტორიის მდგომარეობა და სხვ. იგი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ შექმნილი. ამჟამად ბუნებრივი ლანდშაფტები ძირითადად შემორჩენილია ადამიანის სასიცოცხლო სივრცის მიღმა – არქტიკულ, ზომიერი სარტყლის თუ ტროპიკულ უდაბნოებში, ტუნდრასა და ტყეტუნდრაში, ტაიგის დიდ ნაწილში, მაღალ მთებში, ტენიან ეკვატორულ და ტროპ. ტყეებში, უკაცრიელ კუნძულებზე, დაცულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა კატეგორიის პარკებში და სხვ.
ბუნებრივი ლანდშაფტი პრაქტიკულად გარდაქმნილია ურბანულ ტერიტორიებზე, ინტენსიური სას.- სამ. საქმიანობის სავარგულებზე, მსხვილი სატრანსპორტო კვანძების არეალებში, სამთო-მომპოვებელ ცენტრებში და სხვ. მისი გამოყენების ფორმები და ფუნქციები უკავშირდება ლანდშაფტის პოტენციალს. ლანდშაფტის ძირითადი ფუნქციებია: რესურსწარმოებითი (განსაკუთრებით სას. სამ.), გარემოსდაცვითი, გარემოსაღმდგენი, რეკრეაციული და სელიტებური (განსახლების).
ლანდშაფტი თავისი მრავალფეროვნებით იზიდავს მნახველს, რაც ქმნის ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის საქმიანობის ჰარმონიული თანაარსებობის პირობებს. ამგვარ ადგილებსა და პეიზაჟებს კულტურულ ლანდშაფტებს უწოდებენ. ისინი ეროვნ. იდენტობისა და ეროვნ. მემკვიდრეობის ნაწილია. კულტურული ლანდშაფტი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული და ხანგრძლივი თანაარსებობის შედეგია. მისი გამოყენების ფორმები და მომსახურების შედეგები მკაფიოდ წარმოაჩენს ადგილზე მცხოვრები ადამიანების თვითშეგნებისა და კულტურის დონეს, მათი ცხოვრების წესს.
კულტურული ლანდშაფტის, როგორც ტერმინის, ფორმირება უკავშირდება ევროპაში პეიზაჟური ფერწერის განვითარებას. XVI ს-ში მხატვრობაში პოპულარული გახდა გარემოს ცალკეული მონაკვეთების, დედამიწის ფორმების ან ეფექტური პეიზაჟების ასახვა. ამავე პერიოდში ევროპაში გავრცელდა გერმ. ტერმინი „ლანდშაფტი“.
სწავლება კულტურული ლანდშაფტის შესახებ (ე. წ. პეიზაჟური მეცნიერება) დაიწყო XX ს-იდან და უკავშირდება გერმ. გეოგრაფის ოტო შლუტერის სახელს. იგი გეოგრ. გარემოს ბუნებრივი, ანუ ორიგინალური (ადამიანის ჩარევის გარეშე) და კულტურული ლანდშაფტების კრებადობის სახით განიხილავდა. მისივე აზრით, გეოგრაფიის ძირითად ამოცანას ბუნებრივი ლანდშაფტის კულტურულ ლანდშაფტად გარდაქმნის პროცესის შესწავლა წარმოადგენდა.
ამ მიმართულების მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ კულტ. ლანდშაფტი განვითარებულია მის ბუნებრივ ფუნდამენტზე. იგი ინარჩუნებს ძირითად გეოგრაფიულ ელემენტებს (რელიეფი, გეოლოგიური აგებულება, კლიმატი, წყლები, ნიადაგი, განსახლება, კომუნიკაციები და სხვ.); ძირითადად (არსებითად) „ემორჩილება“ ბუნებრივ გარემოში მიმდინარე პროცესებს.
კულტ. ლანდშაფტები შექმნილია ეთნოკულტურულად ბუნებრივად მნიშვნელოვანი 12 ფასეულობის წარმოჩენისა და შენარჩუნების მიზნით (რელიგიური ფასეულობები და რელიგიური არქიტექტურა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, ისტ. მნიშვნელობის ადგილი, კულტურული პეიზაჟი, ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტის ჰარმონია, განუმეორებელი ლანდშაფტური არქიტექტურა და ლანდშაფტური დიზაინი, ურბანული და ეკონ. ევოლუცია და სხვ.).
1992-იდან კულტ. ლანდშაფტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად განიხილება და ამგვარი სტატუსი ათეულობით ტერიტორიას აქვს მინიჭებული. მათი უმეტესობა ევროპაშია. მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის თანახმად, კულტ. ლანდშაფტი თავისი სტატუსით უნდა განაპირობებდეს არა მარტო მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, არამედ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც.
ევროპის ქვეყნებში აქტიურად ხორციელდება ლანდშაფტის პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება უფლებამოსილი სახელმწ. უწყებების მიერ ლანდშაფტის გამოყენების სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების იმგვარი ჩამოყალიბება, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს კონკრეტული ზომები მისი დაცვის, მართვისა და დაგეგმარებისათვის. ამგვარი მიდგომა ახალ გამოწვევებს უყენებს თანამედროვე ლ-ს, რ-თა გადაწყვეტა ამ სამეცნ. მიმართულების ძირითადი მიზანი და განვითარების ამოცანაა.
საქართველო 2011 მიუერთდა ევროპის ლანდშაფტურ კონვენციას, რ-ის მიხედვით, ლანდშაფტი, საზ. ინტერესების თვალსაზრისით: ა) მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურის, ეკოლოგიის, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში; ბ) წარმოადგენს ხელსაყრელ რესურსს ეკონ. საქმიანობისთვის; გ) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი კულტურის ჩამოყალიბებაში; დ) წარმოადგენს ევროპის ბუნებრივი და კულტ. მემკვიდრეობის მნიშვნელოვან კომპონენტს; ე) ხელს უწყობს ადამიანთა კეთილდღეობას და ევროპული თვითმყოფადობის კონსოლიდაციას; ვ) ლანდშაფტის დაცვა, მართვა და დაგეგმარება თითოეული ადამიანის უფლება და პასუხისმგებლობაა.
ამჟამად საქართველოში ცნობილია 3 დაცული ლანდშაფტი – თუშეთის, არაგვისა და თრუსოსი.
საქართველოში ლანდშაფტური გეოგრაფიის განვითარებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ცნობილ ქართველ ლანდშაფტმცოდნეთა შორის (მათი შრომების თანამედროვე მნიშვნელობით), გამოირჩევა ნ. ბერუჩაშვილის, მ. სანებლიძის, დ. უკლებას, ქ. ჯაყელის, მ. ხარატიშვილის და სხვათა სამეცნ. მემკვიდრეობა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ნ. ბერუჩაშვილის სამეცნ. მოღვაწეობა, რ-ის შრომებით მთელმა მსოფლიომ გაიცნო ქართ. გეოგრაფიული და ლანდშაფტური სკოლის მიღწევები. მის მიერ შექმნილია არაერთი თეორიული კონცეფცია ლ-ში, ხოლო 2002 საერთაშ. გეოგრაფიულ კავშირში პირველმა ჩამოაყალიბა ლანდშაფტური ანალიზის კომისია, რ-იც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.
ქართული ლანდშაფტური სკოლის მიღწევები და გამოცდილება მკაფიოდ აისახა თანამედროვე გეოგრაფიულ გამოკვლევებში, რაც რამდენიმე მიმართულებით ვითარდება, მ. შ. აღსანიშნავია: ლანდშაფტური დაგეგმარება, ურბანული ლანდშაფტების დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება, ისტ. ლანდშაფტის დაგეგმარება, დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება, მთიანი რეგიონების გეოგრაფია, სამხედრო და სამედ. გეოგრაფია, გარემოზე ზემოქმედების გეოგრაფიული შეფასება, ლანდშაფტის აღდგენის მეთოდოლოგია, ლანდშაფტური მიდგომა ტურიზმის ინტერდისციპლინურ კვლევებში, კულტურული ლანდშაფტის კვლევის მეთოდოლოგია, გეოგრაფიული კვანძების კონცეფცია და სხვ.
ნ. ელიზბარაშვილი