ლანსერე ევგენი ევგენის ძე [23. VIII (4. IX.). 1875, პავლოვსკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, – 13. IX. 1946, მოსკოვი], გრაფიკოსი, ფერმწერი. სტალინური პრემიის ლაურეატი (1943). რსფსრ სახ. მხატვარი (1945). ცნობილი მოქანდაკის ე. ლანსერეს ვაჟი. სწავლობდა პეტერბ. მხატვართა წამახალისებელი საზ-ბის სამხატვრო სკოლაში (1892–95), შემდეგ გააგრძელა სწავლა პარიზში. ასწავლიდა მოსკოვის არქიტ. ინ-ტში და ლენინგრადის სრულიად რუს. სამხატვრო აკადემიაში (1934–38). ლ. მუშაობდა წიგნის გრაფიკის, მონუმ.-დეკორ. და თეატრ.-დეკორ. ხელოვნების დარგში, ქმნიდა მწვავე პოლიტ. ნახატებს. 1920–34 ლ. ცხოვრობდა საქართველოში. დიდი როლი შეასრულა ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის აღზრდაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. კულტ. ცხოვრებაში. 1922–34 იყო თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1927-იდან – ფერწერის ფაკ-ტის დეკანი. მონაწილეობდა მცხეთის, დავითგარეჯის, შიომღვიმის ექსპედიციებში. 1937 შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა ძვ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩანახატები. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „თბილისი. მეტეხი“, „ქუთაისი. ბაგრატის ტაძარი“, „ქუთაისი. გელათი“ (სამივე 1937), „მცხეთა. სვეტიცხოველი“, „სვანეთი. უშგული“, „ახალგაზრდა სვანი“, „სვანეთი. სოფელი ჟიბიანი“ (ყველა 1929–30), „თბილისი. ძველი უბანი“, „თბილისი. სანაპირო“ (ორივე 1932), უ. შექსპირის „მაკბეთის“ დეკორაციების ესკიზები კ. მარჯანიშვილის თეატრისათვის, ლ. ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ (1912–41) და „კაზაკების“ (1917– 37) ილუსტრაციები. ლ. ქართული მონუმ.-დეკორ. ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელია (პანო, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ინტერიერი, ახლანდ. საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: კუკულაძე კ., ევგენი ლანსერე, თბ., 1983; მასხარაშვილი მ., ევგენი ლანსერე და კავკასია, თბ., 1972.
თ. გერსამია