ლაოი

ლაოი, მოსახლეობის ძირითადი მასა აღმოსავლეთის ელინისტურ ქვეყნებში (ეგვიპტე, სირია, მცირე აზია). ლ-ს წარმომადგენლები უმეტესად ამუშავებდნენ მეფის კერძო მფლობელთა და სატაძრო მიწებს, იხდიდნენ ფულად ან ნატურალურ გადასახადს, მიმაგრებული იყვნენ თემებზე და უფლება არ ჰქონდათ თვითნებურად დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრ. ადგილი.

ლ-ს, როგორც სოც. ფენას, იბერიის მოსახლეობის სტრუქტურის აღწერისას იხსენიებს სტრაბონი. მისი ცნობიდან ირკვევა, რომ იბერიის ლ. ცხოვრობდა სამეფო (სახელმწიფო) მიწებზე: მას ეკისრებოდა სხვადასხვა ვალდებულება სამეფო საგვარეულოს მიმართ („აკეთებდა ყველაფერს, რაც ცხოვრებისათვის არის საჭირო“). სტრაბონი იბერიის ლ-ს სამეფო მონებს უწოდებს, თუმცა მათ მონებს ვერ მივაკუთნებთ, რადგან ისინი თემებად ცხოვრობდნენ, საწარმოო საშუალებებსაც ფლობდნენ და ჰქონდათ თემური საგვარეულო საკუთრება, რ-საც უხუცესები განაგებდნენ.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯანაშია ს., ფეოდალური ურთიერთობის წარმოშობისათვის საქართველოში, შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952; Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

მ. ინაძე